შავი ლომი
Aa
Aa

ბოლო 20 წუთში ყველაფერი შეიცვალა - „შავი ლომი“ „ჩიტასთან“ დამარცხდა

საქართველოს ფრენჩაიზმა შავმა ლომმა სამხრეთ აფრიკული ტურნეს მესამე შეხვედრა გამართა. ქართველი მორაგბეები ბლუმფონტეინში ადგილობრივ ტოიოტა ჩიტასს დაუპირისპირდნენ და მიუხედავად წარმატებული პირველი ტაიმისა, საბოლოოდ 31:47 დამარცხდნენ.

შეხვედრა მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და „ჩიტასმა“ პირველივე წუთებზე ლელო დადო, რის შემდეგაც 7:0 დაწინაურდა. თუმცა „შავმა ლომმა“ მალევე უპასუხა — გიორგი სინაურიძემ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწა. მოგვიანებით ქართველმა ქართველებმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს და დაწინაურდნენ.

პირველი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ლელო რომა მახათაძემ დადო, ცირეკიძე კი გარდასახვისას კვლავ უზუსტესი იყო. შედეგად, შესვენებაზე „შავი ლომი“ 17:7-ის უპირატესობით გავიდა.

შავი ლომისთვის მეორე ტაიმიც წარმატებულად დაიწყო. აბდუშელიშვილმა ლელო გაიტანა, რომელიც კვლავ ლუკა ცირეკიძემ გარდასახა და ქართველებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.

მატჩის გარდამტეხი მომენტი ბოლო 20 წუთში დადგა. „შავ ლომს“ თამაშის დასრულება კაცნაკლულს მოუწია — ჯერ არბიტრმა გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი გააძევა, მოგვიანებით კი კიდევ ერთი ქართველი მორაგბე სინბინში გააგზავნა.

რიცხობრივი უპირატესობით მასპინძლებმა სრულად ისარგებლეს. „ჩიტასმა“ შეტევები გაააქტიურა, სხვაობა ჯერ შეამცირა, შემდეგ კი ზედიზედ ხუთი ლელო გაიტანა და შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

„შავმა ლომმა“ მატჩის ბოლოს კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა განახორციელა — თორნიკე კახოიძემ ლელო დადო, ხოლო ლუკა ცირეკიძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა, თუმცა ეს მხოლოდ საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებისთვის აღმოჩნდა საკმარისი — 47:31 „ტოიოტა ჩიტასის“ სასარგებლოდ.

სამხრეთ აფრიკული ტურნეს ფარგლებში „შავმა ლომმა“ სამი მატჩიდან ერთი მოიგო და ორი დათმო. მიუხედავად შედეგისა, ძლიერი სამხრეთაფრიკული კლუბების წინააღმდეგ მიღებული გამოცდილება ქართული ფრენჩაიზისთვის მნიშვნელოვანი იქნება მომავალი საერთაშორისო ტურნირების წინ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები