ალექსანდარ ჯიკიჩი, მარკის რიდი
Aa
Aa

პირველი ვარჯიში იურმალაში - საქართველოს ნაკრებს მარკის რიდიც შეუერთდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც შეკრებაზე მყოფმა ყველა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

ამ ეტაპზე ალეკსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 15 კალათბურთელია. იურმალაში ჩასულ მოთამაშეებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი წევრი, მარკის რიდიც შეუერთდა. ნაკრების შემადგენლობაში არიან: რატი ანდრონიკაშვილი („ალფტანესი“, ისლანდია), გიორგი ოჩხიკიძე („ს.კ ბათუმი“), მარკის რიდი („ბაჰჩეშეჰირი“, თურქეთი), ლუკა ალავიძე („ს.კ ქუთაისი“), დუდა სანაძე („პალმერ ბასკეტი“, ესპანეთი), სანდრო სანაძე („ს.კ მარგვეთი“), გიორგი კობახიძე („ს.კ მარგვეთი“), კახაბერ ჯინჭარაძე („ს.კ ქუთაისი“), ალექსანდრე ფევაძე („ს.კ თსუ“), ბექა ბურჯანაძე („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი კორსანტია („გიპუზკოა ბასკეტი“, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე („ოსტენდე“, ბელგია), გიორგი ტურძილაძე („ს.კ თსუ“), ვილი ისიანი („ს.კ რუსთავი“) და გოგა ბითაძე („ორლანდო მეჯიქი“, NBA).

პირველმა ვარჯიშმა, რომელიც ორი სეგმენტისგან შედგებოდა, საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. პირველი ბლოკი ფიზმომზადებას დაეთმო – ვარჯიშის დასაწყისში გასახურებლად მოთამაშეებმა სიმძიმეებითა და დარბაზშივე არსებული ტრენაჟორებით ისარგებლეს. შემდეგ დაიწყო მთავარი, საკალათბურთო ბლოკი, რომელიც კომბინირებული დავალებებისგან შედგებოდა. ბიჭებმა მრავალი სახის, ძირითადად ტაქტიკურ-კომბინაციურ კომპონენტებში ივარჯიშეს, რაც, ტრადიციისამებრ, პერიმეტრიდან და სხვადასხვა პოზიციიდან სროლებით დასრულდა.

დღეს საქართველოს ნაკრები კვლავ იმავე დროს ივარჯიშებს, ხვალ კი უკვე პირველი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. ჩვენი გუნდი ლატვიაში შეკრებაზე მყოფ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, ანგოლის ნაკრებს შეხვდება. მატჩი იურმალას გიმნაზიის დარბაზში, დახურული ფორმატით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ლატვიაში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დასკვნითი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი შეხვედრა ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (რომელიც ასევე ლატვიაში გაიმართება) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ამ შეხვედრებს მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება – აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით. სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა ჩვენი კალათბურთელები მსოფლიო პირველობის საგზურს.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის და რიდის გარეშე - ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა
მამუკელაშვილის და რიდის გარეშე - ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა