ახალი ზელანდია დამარცხებულია | 20-წლამდე ბორჯღალოსნების ბრწყინვალე გამარჯვება
რაგბიში, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ისტორიაში პირველად ახალი ზელანდია დაამარცხა. პირველი ტაიმი 7:7 დასრულდა, მეორე ტაიმში 12:19-ს ვაგებდით, თუმცა უპირატესობა მოვიპოვეთ და საბოლოოდ 22:19 გავიმარჯვეთ.
ვიტო კოლელიშვილის გაწვრთნილი ნაკრებიდან ლელო მიხეილ შიოშვილის, ლუკა ტაბატაძის, ლუკა ნარსიასა და ირაკლი ყოლბაიას ანგარიშზეა, პლუს ერთი ზუსტი გარდასახვა თემურ ძოძუაშვილის აქტივშია. გადამწყვეტი ლელო ირაკლი ყოლბაიამ დადო.
20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს. პირველ მატჩს 27 ივნისს, უელსის წინააღმდეგ გამართავს (18:00), 2 ივლისს სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება (20:30), 7 ივლისს - ურუგვაის (20:30).
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური