„ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“ | კლოზე მესის რეკორდს გამოეხმაურა
მსოფლიო ჩემპიონატის J ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში არგენტინა ავსტრიას დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა. ორივე გოლი ლიონელ მესის ანგარიშზეა, რომელმაც რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„ლა პულგას“ მუნდიალებზე 18 გოლი აქვს გატანილი. მესიმ მიროსლავ კლოზეს მიღწევა (16 გოლი) გააუმჯობესა, გერმანელ ფეხბურთელს კი არგენტინელის უნიკალური მიღწევა უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
კლოზემ Süddeutsche Zeitung-ს მოკლე კომენტარი მისცა და არგენტინელი სუპერვარსკვლავი შეაქო. „ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი არცთუ ისე ცუდი ფეხბურთელია (ხუმრობს). პირადად მე მიმაჩნია, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. გილოცავ, ჩემპიონო“, — განაცხადა კლოზემ.
სხვათა შორის, მიროსლავმა მესიზე მუნდიალის დაწყებამდეც ისაუბრა და აღნიშნა: „არანაირი პრობლემა არ იქნება, მესიმ ჩემი რეკორდი თუ მოხსნა. რეკორდები იმისთვისაა, რომ მოიხსნას. ლეოს დიდი ფანი ვარ და ყოველთვის ვიყავი. ის ნამდვილი გენიოსია“.
ცნობისთვის, არგენტინამ პლეი-ოფის საგზური და პირველი ადგილი გაინაღდა. „ალბისელესტეს“ 6 ქულა აქვს და ბოლო ტურში იორდანიას დაუპირისპირდება. მატჩი 28 ივნისს არის დანიშნული და, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება.