მბაპეს დუბლი და 2 საათით შეწყვეტილი მატჩი - საფრანგეთმა ერაყს მოუგო
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საფრანგეთის ნაკრები ერაყს დაუპირისპირდა და მარტივად, 3:0 დაამარცხა.
დღევანდელმა მატჩმა პრობლემების თანხლებით ჩაიარა. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას მეტეოროლოგიური პირობების გამო შეხვედრა თავდაპირველად, 30 წუთით შეჩერდა, თუმცა მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის გამო გუნდებს თითქმის 2 საათით მოუწიათ შეჩერება.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში პირველ ნახევარში, მე-14 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. მეორე ტაიმში, საფრანგეთის კაპიტანმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი უსმან დემბელემ 66-ე წუთზე დააფიქსირა.
კილიან მბაპეს ამ დუბლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებზე 16 გოლი დაუგროვდა და მიროსლავ კლოზეც გაუთანაბდა. ცნობისთვის, მასზე მეტი - 17 გოლი მხოლოდ ლეო მესის აქვს გატანილი. არგენტინელმა ამ შედეგს რამდენიმე საათის წინ, ავსტრიასთან 2:0 მოგებულ მატჩში მიაღწია, სადაც დუბლი შეასრულა. მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში 60 გოლი დაუგროვდა და ის თავისი ქვეყნის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. საგულისხმოა, რომ 27 წლის შემტევმა ნაკრებში მე-100 საიუბილეო მატჩი ჩაატარა.
ერაყთან გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთმა მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა. დიდიე დეშამის გუნდი ბოლო ტურში ნორვეგიას შეხვდება და I ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობაც სწორედ ამ მატჩში გაირკვევა.