მესის დუბლი და რეკორდი - არგენტინამ ავსტრია დაამარცხა და პლეი-ოფშია
მსოფლიო ჩემპონატზე მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. არგენტინის ნაკრები არლინგტონში ავსტრიას დაუპირისპირდა და ლეო მესის დუბლით 2:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრის მთავარი მოლოდინი „ლა პულგას“ სავარაუდო რეკორდი იყო, რომელიც მატჩამდე მიროსლავ კლოზეს ეკუთვნოდა, თუმცა ლეომ დუბლი შეასრულა და 18 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მესიმ მე-9 წუთზე ლაუტაროს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გააფუჭა, თუმცა 38-ე და 95-ე წუთებზე ორჯერ გაიტანა და მორიგი ისტორიული მატჩი ჩაატარა.
ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მე-3 მოთამაშე გახდა, რომელსაც ზედიზედ 6 მატჩში აქვს გოლი გატანილი. მიმდინარე მუნდიალზე ორივე ტურში გაიტანა, წინა მსოფლიოზე კი საფრანგეთს, ხორვატიას, ნიდერლანდებსა და ავსტრალიას გაუტანა.
მანამდე მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ექვს მატჩში გოლის გატანა ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა 1958 წელს და ბრაზილიელმა ჟაირზინიომ 1970 წელს მოახერხეს.
არგენტინის ნაკრები კვლავ გოლგაუშვებლად ასპარეზობს და 6 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ლიონელ სკალონის გუნდი უკვე პლეი-ოფშია და დღესვე უდიდესი ალბათობით პირველ ადგილსაც გაიფორმებს, თუ იორდანია ალჟირს ვერ დაამარცხებს.
დასკვნით მე-3 ტურს არგენტინა 28 ივნისს (06:00) სწორედ იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.