თასის შემდეგ ჩემპიონობაც - მარკოიშვილის ოქროს დუბლი
მანუჩარ მარკოიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი სახით ქართულ კალათბურთს უმაღლესი დონის სპეციალისტი ეზრდება. „მონაკო“ სეზონის შუა ნაწილში ჩაიბარა, როდესაც ფინანსური პრობლემების გამო კლუბს სერიოზული კრიზისი ჰქონდა და მოთამაშეებისთვის მოტივაციის პოვნა რთული იყო. თუმცა, მარკოიშვილმა შეუძლებელი შეძლო, რამდენიმე თვის წინ მოგებულ საფრანგეთის თასს „მონეგასკებმა“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მიუმატეს და სეზონი ოქროს დუბლით დაასრულეს.
ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრაში, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქმა უმასპინძლა, მანუჩარის მომზადებულმა „მონაკომ“ „პარიზი“ 101:92 დაამარცხა და სერიაში 3:2 გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული ელი ოკობო იყო, რომელმაც 35 წუთში 12 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა დააგროვა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ასეთივე შედეგთან ახლოს იყო იუჰან ბეგარინი, რომელმაც 21 წუთში 18 ქულას, 9 მოხსნასა და 2 შედეგიან პასს მოუყარა თავი და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.
ცნობისათვის, „მონაკომ“ საფრანგეთის ჩემპიონატი 2-წლიანი პაუზის შემდეგ არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო და მანუჩარ მარკოიშვილი ამ კლუბში ოქროს ასოებით ჩაეწერა.