სპანდერაშვილის გადამწყვეტი ქმედება - ქართველების ლელოები PRO D2-ში
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ყველა გამარჯვება ძვირად ფასობს. ამიტომაც ილია სპანდერაშვილის მიერ დადებულმა ლელომ „ბრივთან“ საშინაო შეხვედრაში „ვალენს რომანის“ ქომაგებს უდიდესი სიხარული მიანიჭა. საფინალო სირენამდე წუთით ადრე, როდესაც მასპინძლები მინიმალური სხვაობით აგებდნენ, საქართველოს ნაკრების მორაგბემ ბურთის ხელში ჩაგდებისთანავე ჩინებული რეიდი შეასრულა და საოცარი ფიზიკური ძალის ხარჯზე ილიას შეჩერება ვერავინ მოახერხა - შედეგად მასპინძლებმა 33-27 მოიგეს.
სპანდერაშვილისგან განსხვავებით, ვანო კარკაძემ ლელო მატჩის დებიუტში დადო და „ოიონას“ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ერთ-ერთი შეჯგუფების შემდეგ, ბურთი სწორედ ვანოს ჩაუვარდა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის ზონაში ბრძოლის შედეგად შეაღწია, ხოლო მასპინძლებმა „აჟენს“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 39:12 მოუგეს.
28-ე ტურის კიდევ ერთი ქართული ლელოს ავტორი კი ლუკა გოგინავაა - „მონ-დე მარსანის“ მოთამაშემ მეტოქის ჩათვლის მოედანი 56-ე წუთზე აიღო, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და „გრენობლმა“ გოგინავას გუნდი მინიმალური სხვაობით, 22:21 დაამარცხა.