სეზონის სიმბოლურში მოხვდნენ - ქართველი მორაგბეების დიდი წარმატება
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება ახლახანს დასრულდა და სულ მალე პლეი ოფის ეტაპი დაიწყება, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას რვა საუკეთესო კლუბი განაგრძობს. იქამდე კი Sud Radio Rugby-მ 26 ტურში ნაჩვენები შედეგები დააჯამა და სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც გიორგი მელიქიძისა და გიორგი ახალაძის სახით ორი ქართველი მორაგბე მოხვდა.
მელიქიძით დავიწყოთ, რომელმაც კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და „სტად ფრანსეს“ მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარა, რის შემდეგაც პარიზელებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვეს. 30 წლის ქართველმა მორაგბემ 25 მატჩიდან 13 სასტარტოში დაიწყო, მოედანზე 1134 წუთი გაატარა და თავი 8 ლელოთი გამოიჩინა.
რაც შეეხება ახალაძეს, მისმა „კლერმონმა“ რეგულარულ გათამაშებაში მეშვიდე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალის საგზურამდე სულ ცოტა დააკლდა. თუმცა, ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი 27 წლის ქართველს მიუძღვის, რომელმაც 21 შეხვედრიდან ძირითადში 17 დაიწყო და 1063 წუთში მეტოქის ჩათვლის მოედანი 5-ჯერ აიღო.
როგორც უკვე მოგახსენეთ, „კლერმონისთვის“ წლევანდელი სეზონი დასრულებულია. „სტად ფრანსე“ კი, სადაც მელიქიძის გარდა სერგი აბრამიშვილიც ასპარეზობს, ნახევარფინალის საგზურისთვის დავით ნინიაშვილის, ალექსანდრე ქუნთელიას და ნიკოლოზ სუთიძის „ლა როშელის“ წინააღმდეგ ითამაშებს