„ილიასთან ჩხუბი ისლამმა ჩაშალა“ - მაჩადო გარი
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველმა ნომერმა, იან მაჩადო გარიმ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრ სახლში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის ბრძოლა სწორედ ამ უკანასკნელის გამო ჩაიშალა.
„იანვარში მითხრეს, რომ მომდევნო ჩხუბი ქამარზე მექნებოდა. საუბარი იყო აპრილზე, შემდეგ კი ოფიციალური შეთავაზება მივიღე, რომ 9 მაისს მეჩხუბა - ამაზე ისლამმა უარი თქვა. შემდეგ მითხრეს, რომ უნდა მომზადებულიყვნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლისთვის - მახაჩევი-თოფურია თეთრ სახლში. რამდენადაც ვიცი, ეს ჩხუბი ისლამის გამო არ შედგა. ახლა კი, როგორც იქნა, ჩაინიშნა ის ჩხუბი, რაც უნდა ჩანიშნულიყო - მე და მახაჩევი 15 აგვისტოს ვიჩხუბებთ.
მესმის, რატომაც უნდოდათ ილიასა და ისლამის ჩხუბის ორგანიზება. P4P რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები, ორივე ორი წონის ჩემპიონები, თანაც თეთრ სახლში. ეს შეთანხმებული იყო, შემდეგ კი ისლამმა უარი თქვა.
ვიცოდი, რომ მას კამარუ უსმანს ან მაიკლ მორალესს არ მისცემდნენ. რა თქმა უნდა, რაც ისლამმა ამ სპორტში გააკეთა, მისი დომინაცია და წაუგებელი სერია ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ გინდა იყო საუკეთესო, მაშინ საუკეთესოები უნდა დაამარცხო“.
ცნობისთვის, მაჩადო გარი 15 აგვისტოს ფილადელფიაში ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება. ისლამისთვის ეს ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტულის პირველი დაცვა იქნება. მისი წაუგებელი სერია UFC-ში 16 ბრძოლას შეადგენს.
რაც შეეხება მაჩადო გარის (17-1), მან გასული წლის ნოემბერში ამავე წონის ყოფილ ჩემპიონს, ბელალ მუჰამედს მოუგო.