საფრანგეთისა და ერაყის მატჩი შეჩერდა
მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთისა და ერაყის მატჩი უამინდობისა და მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის გამო 30 წუთით შეჩერდა. ინფორმაცია FIFA-ს გვერდზე ვრცელდება.
პარალელურად, L’Equipe წერს, რომ ჭექა-ქუხილის განგაში პირველად თამაშის დაწყებამდე 3 საათით ადრე ჩაირთო, მეორე განგაში კი პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გამოცხადდა.
მატჩის ორგანიზატორებმა გულშემატკივრებს ტრიბუნების დატოვება სთხოვეს. პროტოკოლი თამაშის 30 წუთით შეჩერებას ითვალისწინებს, თუმცა დრომ შესაძლოა, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში კიდევ გადაიწიოს.
საფრანგეთის ნაკრები ერაყს კილიან მბაპეს მიერ გატანილი გოლით 1:0 ამარცხებს.
განახლება!
თავდაპირველად, თამაშის განახლება 30 წუთით გადადეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ 13 კმ-ის რადიუსში მეხი ჩამოვარდა, რის გამოც თამაშის განახლება კიდევ ნახევარი საათით გადაიდო. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა დათქმულ დროს აღარ განახლდება, დამატებითი ინფორმაცია კი უახლოეს წუთებში გამოცხადდება.