„თუ არ უნდა, პიკაპს გამომწერს ვაჩუქებ“ | გეიჯის უარმა ცარუკიანი გააბრაზა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ, არმან ცარუკიანისგან დაპირებული RAM-ის პიკაპის მიღებაზე უარი განაცხადა. გეიჯი ჯო როგანის პოდკასტის სტუმარი იყო და აღნიშნა, რომ ცარუკიანისგან ავტომობილი არ სურს.
გეიჯის სიტყვებმა არმანი ძალიან გააბრაზა. ცარუკიანმა ამერიკელ მებრძოლზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა: „ჩემს მეგობარს ველაპარაკე და ვუთხარი, ჯანდაბაშიც წასულა, საერთოდ არ მივცეთ-მეთქი. არ უნდა და არც იმსახურებს. ჩემთვის უკეთესია — ერთ-ერთ გამომწერს ვაჩუქებ, ვისაც მასზე მეტად სჭირდება.
მის წარმომადგენლებს ვუთხარით, რომ პიკაპი ნაყიდია და მის გასაგზავნად მზად ვართ. გუშინ კი ჯო როგანის პოდკასტის ვიდეოს ვუყურე და შოკში ჩავვარდი. ეს რა ჯანდაბაა! თუ არ გინდა, ჯანდაბაშიც წასულხარ. ჩემს გამომწერს ვაჩუქებ და გეიჯის ჩხუბში სახეს დავუნგრევ“.
მოგვიანებით ცარუკიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ პიკაპს ერთ-ერთ გამომწერს აჩუქებს. გამარჯვებულის ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ არმანის მეგობარმა გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე 1 მილიონის ოდენობის ფსონი განათავსა და ცარუკიანი გამარჯვების შემთხვევაში ჯასტინს RAM-ის პიკაპს დაპირდა.