„ილიამ ეს ბრძოლა წააგო“ - დოლიძე თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის გამართული UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, თუმცა აჟიოტაჟი არ ცხრება. „ელ მატადორის“ პირველი მარცხი განსაკუთრებით მტკივნეულად ბუნებრივია ქართველმა გულშემატკივრებმა მიიღეს და არსებობს მოსაზრება, რომ ილიას მეტოქეს დოპინგი ჰქონდა მიღებული. თანამემამულის მიერ ჩატარებულ ბრძოლასა და განცდილ მარცხს გამოეხმაურა UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე, რომელმაც განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რომან დოლიძე
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ილიას ბრძოლის გარშემო ატეხილ ამბებს ვადევნებდი თვალს. მესმის თითოეული თქვენგანის გულისტკენა და ისიც, თუ როგორ ცდილობს ყველა, რაღაც მიზეზით მაინც გაამართლოს ეს შედეგი.
სამწუხაროდ, სპორტში ასეც ხდება ილიამ ეს ბრძოლა წააგო, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს ცვლის. მისი გზა აქ არ მთავრდება, წინ კიდევ ბევრი დიდებული გამარჯვება და წარმატება გველოდება!
მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც სპორტსმენების გვერდით დგანან ნებისმიერ სიტუაციაში! და მთავარი ხომ გახსოვთ?! ძალა ერთობაშია!!
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში ასპარეზობს და კარიერაში გამართული 20 ბრძოლიდან 15 მოიგო, 5 შემთხვევაში კი დამარცხდა.