ილია და მაიკ ტაისონის ფაქტორი | რეი ლონგოს საინტერესო პარალელი
MMA-ის ცნობილმა მწვრთნელმა, რეი ლონგომ, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ლონგომ „ელ მატადორის“ მომავალზე გაამახვილა ყურადღება და ლეგენდარულ მოკრივესთან, მაიკ ტაისონთან გაავლო პარალელი.
„MMA კალათბურთი არ არის, სადაც შეგიძლია, ცუდი თამაში გქონდეს, მეორე დღეს კი მდგომარეობის გამოსწორების შანსი მიიღო. ამ სპორტში იმავეს გასაკეთებლად დიდხნიანი ლოდინი გიწევს. ილია ძალიან ამაყი ბიჭია და ისე ლაპარაკობდა და იქცეოდა, რომ ძველებურად გაგრძელება მარტივი ნამდვილად არ იქნება.
ეს სიტუაცია პრაქტიკულად „მაიკ ტაისონის ფაქტორის“ ანალოგია. ახლა ხალხმა იცის, რომ ილია თოფურიაც ადამიანია. ამ ჩხუბამდე მასზე ვამბობდით, რომ ნებისმიერს გაანადგურებდა, ახლა კი მას სულ სხვანაირად შეხედავენ და მისი მეტოქეები იტყვიან: „თუ გეიჯიმ გააკეთა, მეც შემიძლია“. ეს, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.
ილიასთან მიმართებით მხოლოდ წაგებაზე არაა საუბარი — ის ძალიან მაგრად ცემეს და ბევრ რაღაცაზე უნდა დაფიქრდეს. როდესაც მებრძოლები მარცხდებიან, ყველა ექსპერტი ხდება: „სტარბაქსშიც“ რომ მიხვიდე, იქაც გეტყვიან, რა გააკეთე არასწორად; შეიძლება საბურავის დასაბერად წახვიდე და ვიღაც ტიპმა გითხრას, რა შეგეშალა. ის, თუ როგორ უმკლავდები სულელებს, სწორედ ის დეტალია, რაც ნამდვილ კაცებს ბიჭუნებისგან განასხვავებს.
ვფიქრობ, თოფურია ისეთი ტიპია, შურისძიების წყურვილით დაბრუნდება. თუმცა, არ მაინტერესებს, სხვები რას ამბობენ, მან საკუთარი პირადი ცხოვრება უნდა დაალაგოს. სწორი წინსვლისთვის ესაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დაიტანჯება“.
ცნობისთვის, „მაიკ ტაისონის ფაქტორი“ არის სპორტულ ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც აღწერს მოვლენას, როდესაც სპორტსმენი (ან გუნდი) მეტოქეს ბრძოლის დაწყებამდე საკუთარი რეპუტაციით, აურითა და მისტიკური დაუმარცხებლობით ამარცხებს.
ამ ფენომენს აქვს ერთი მთავარი სუსტი წერტილი: ის მუშაობს მხოლოდ პირველ წაგებამდე. როდესაც გამოჩნდება ვინმე (ტაისონის შემთხვევაში — ბასტერ დუგლასი), ვინც ამ „მონსტრს“ ნოკაუტში ჩააგდებს ან დაამარცხებს, ილუზია მომენტალურად ქრება. როგორც კი სხვა მებრძოლები დაინახავენ, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც სისხლი სდის, იღლება და მარცხდება, შიში ქრება. ამის შემდეგ მომავალი მეტოქეები მის წინააღმდეგ სულ სხვა მენტალიტეტით გადიან და „ტაისონის ფაქტორიც“ იკარგება.