მერკვილაძის 11 ქულა ბრიუსელთან - ოსტენდემ რეგულარული მეორეზე დაასრულა
ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის ბოლო ტურში ალექსანდრე მერკვილაძის „ოსტენდემ“ „ბრიუსელს“ უმასპინძლა და 84:53 მოიგო.
მატჩი „ოსტენდეს“ დომინირებით წარიმართა და შესვენებაზე მერკვილაძის გუნდი 19-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევარში „ოსტენდემ“ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 23 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 1 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მერკვილაძემ 5 მოხსნა დაცვაში, 1 კი შეტევაში შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
25 მოგებითა და 9 მარცხით „ოსტენდემ“ რეგულარული სეზონი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე დაასრულა და ბელგიის წარმომადგენელთა გზის მეოთხედფინალში გავიდა.