შავი ლომი
Aa
Aa

შავი ლომი | სამი მატჩი სამხრეთ აფრიკულ გუნდებთან

‘შავი ლომი’ ივნისში სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე გაემგზავრება და „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში, ადგილობრივ წამყვან გუნდებთან სამ თამაშს გამართავს. 

‘შავი ლომი’ „ტოიოტა ჩელენჯში“ მეორედ იღებს მონაწილეობას. 2025 წლის ოქტომბერში ის ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“ ‘ჩიტასს’ ორჯერ შეხვდა და პირველ მატჩში მასპინძლები 39:38 დაამარცხა, მეორეში კი აფრიკელებმა 24:5 იმარჯვეს. 

წელს ტურნირი განასხვავებული, გაუმჯობესებული ფორმატით ტარდება. მასში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - სამი აფრიკული და სამი ევროპული. შესაბამისად, თითოეულ ევროპულ გუნდს, სამ სამხრეთ აფრიკულ გუნდთან მოუწევს შერკინება.

2026 წლის „ტოიოტა ჩელენჯში“ ითამაშებენ სამხრეთ აფრიკული ‘ტოიოტა ჩიტასს’, ‘აირლინკ პუმასი’ და ‘სუზუკი გრიქასი’, ხოლო წვეული გუნდები ‘შავი ლომი’, პორტუგალიის ნაკრები და რუმინეთის ა ნაკრები იქნებიან. ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“, სამ სათამაშო დღეს - 5, 10 და 14 ივნისს, სამ-სამი თამაში გაიმართება. 

‘შავი ლომი’ 5 ივნისს ‘აირლინკ პუმასს’ შეხვდება და ტურნირიც ამ თამაშით გაიხსნება; 10-ში ‘სუზუკი გრიქასს’ შეერკინება; ხოლო 14 ივნისს ‘ტოიოტა ჩიტასს’ ეთამაშება. 

აღსანიშნავია, რომ ეს 2026 წლის „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველი ეტაპია, მეორე ეტაპს კი საქართველო, თბილისი ოქტომბერში უმასპინძლებს და ‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკულ გუნდებთან საპასუხო შეხვედრებს გამართავს!

„ეს ტურნირი ‘შავი ლომის’ მიზნებს სრულად შეესაბამება და მინდა მადლობა გადავუხადო როგორც სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს, ასევე ‘ტოიოტა ჩიტასს’ ამ შესაძლებლობისთვის. ტურნირს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, მომავალში ის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. შესაბამისად, მისი დაარსება და მასში მონაწილეობა, უდიდესი წარმატებაა ქართული რაგბისა და ‘შავი ლომისთვის’“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ. 

„ტურნირი საქართველოს, პორტუგალიასა და რუმინეთს, მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით დიდ დახმარებას გაუწევს. ამასთან, ის ‘ჩიტასს’, ‘პუმასსა’ და ‘გრიქასს’ ფასდაუდებელ საერთაშორისო გამოცდილებას შესძენს. ევროპის საუკეთესო გუნდებთან თამაში, „სპრინგბოკის“ მომავალ ტალანტებს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს“. 

„ტოიოტა ჩელენჯი“ - ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია რაგბის განვითარებაში, რომელიც ამყარებს საერთაშორისო ურთიერთობებს და ამზადებს მოთამაშეებს უმაღლესი დონის სარაგბო არენისთვის. მოუთმენლად ველით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას“ - ამბობს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი მარკ ალექსანდერი. 

„2021 წელს „ტოიოტა ჩელენჯი“ იმის გამო დაარსდა, რომ ‘ჩიტასს’ საერთაშორისო თამაშების გამოცდილება მიეღო და ახლა მას ‘გრიქასი’ და ‘პუმასი’ უერთდება. ბოლო წლებში მათ მოგებული აქვთ როგორც სამხრეთ აფრიკის, ასევე ქარის თასი და საინტერესოა როგორ წარმოაჩენენ თავს საერთაშორისო დონეზე“ - აღნიშნა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა რიან ობერჰოლცერმა.

‘ჩიტასის’ გენერალურმა დირექტორმა რორი დუნკანმა თქვა, რომ „ტოიოტა ჩელენჯი“ 2026 წლიდან ახალ ეტაპზე გადადის: 

„ახალი ფორმატი ტურნირს ენერგიას და აზარტს მატებს: სამი დღე, დღეში სამი საერთაშორისო თამაშით, ნამდვილი სარაგბო ზეიმია როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. „ტოიოტას“ სახით გვყავს პარტნიორი, რომელსაც სწამს ჩვენი ხედვის, ითავისებს საერთაშორისო თამაშების მნიშვნელობას და მადლობას ვუხდით Toyota South Africa Motors მუდმივი მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობლები ვართ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი კონცეფციის გაცოცხლებაში. „ტოიოტა ჩელენჯის“ მეექვსე გათამაშება მსოფლიო დონის თამაშებს გვპირდება, რომელიც ხელს შეუწყობს რაგბის განვითარებას“. 

ლეონ ტერონმა, Toyota South Africa Motors-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: 

„ტურნირი - ტოიოტა ჩელენჯი ასახავს ყველაფერს, რასაც ტოიოტა წარმოადგენს: გამძლეობას, ეფექტურობას და ადამიანების გაერთიანებას. საერთაშორისო გუნდების მოწვევით ჩვენ არა მხოლოდ რაგბის სტანდარტებს ვზრდით უშუალოდ მოედანზე, არამედ უმაღლესი დონის გარემოს ვქმნით გულშემატკივრებისა და ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ჩვენ ვამაყობთ იმ პლატფორმის მხარდაჭერით, რომელიც სამხრეთ აფრიკულ გუნდებს მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს“.

„ტოიოტა ჩელენჯი“ ‘ჩიტასის’ სპონსორმა „ტოიოტამ“ 2021 წელს დააფუძნა და მასში სხვადასხვა დროს სამხრეთ აფრიკულ გუნდებს: ‘შარქს’, ‘სტორმერს’, ‘ვესთერნ პროვანს’, ‘ბულს’, ‘გრიფონს’, ‘გრიქას’ და ‘პუმას’ უთამაშიათ. ასევე, ტურნირში მონაწილეობა მიუღიათ უცხოურ გუნდებს: ავსტრალიურ ‘ვესთერნ ფორსს’, განვითარებად ირლანდიას (მეორე ნაკრები), აშშ-ს ა ნაკრებს, რუმინულ ‘ბაია მარეს’ და ესპანურ ‘ბარსელონას’.

თამაშები ბლუმფონტეინში, ‘ჩიტასის’ საშინაო არენა ‘ტოიოტა სთედიუმზე’ ტარდება, რომელიც 42 ათას მაყურებელს იტევს.

მეტოქეები

“ტოიოტა ჩელენჯზე” ‘შავი ლომის’ პირველი მეტოქე ‘აირლინკ პუმასი’ იქნება, რომელმაც 2025 წელს სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატი „ქარი ქაფი“ მე-5 ადგილზე დაასრულა. 

ის 1969 წელს დაარსდა და ერთხელ, 2022 წელს „ქარი ქაფის“ გამარჯვებული გახდა, 2023 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა.

‘სუზუკი გრიქასს’ „ქარი ქაფის“ მოქმედი ჩემპიონია. 2025 წლის ჩემპიონატის ფინალში, მან ‘გოლდენ ლაიონსი’ 27:25 დაამარცხა და ტიტული მეოთხედ მოიპოვა. 

1886 წელს დაარსებული გუნდი „ქარი ქაფის“ ჩემპიონი მანამდე 1899, 1911 და 1970 წლებში გამხდარა, 2022 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა. 

‘ტოიოტა ჩიტასმა’ რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და საჩემპიონო ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ‘გრიქასთან’ დამარცხდა. 

‘ტოიოტა ჩიტასი’ 1895 წელს დაარსდა და “ქარი ქაფის” ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 15-ჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 7 ჩემპიონობიდან ხუთი უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. ‘ტოიოტა ჩიტასმა’ თასი ბოლოს 2023 წელს შემართა. 

2006-2017 წლებში ‘ჩიტასი’ სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ, კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ მისცა. 

2022 წელს, ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, ‘ჩიტასი’ ‘შავ ლომთან’ ერთად “ჩელენჯ თასზე” მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა. 

2026 წლის ტოიოტა ჩელენჯი 

5 ივნისი 

აირლინკ პუმასი - შავი ლომი

სუზუკი გრიქასი - რუმინეთი ა+ 

ტოიოტა ჩიტასი - პორტუგალია 

10 ივნისი 

სუზუკი გრიქასი - შავი ლომი 

აირლინკ პუმასი - პორტუგალია 

ტოიოტა ჩიტასი - რუმინეთი ა 

14 ივნისი 

სუზუკი გრიქასი - პორტუგალია

აირლინკ პუმასი - რუმინეთი ა 

ტოიოტა ჩიტასი - შავი ლომი

წყარო - Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები