მიქაუტაძე ბრივს დაეხმარა - პეტრიაშვილი-ფხაკაძის სასარგებლო დუეტი
TOP 14-ის მსგავსად, გასულ ტურში ქართველმა მორაგბეებმა ლელოებით თავი PRO D2-შიც გამოიჩინეს. რეგულარული გათამაშების 27-ე ტურში „ნევერმა“ საკუთარ სტადიონზე „ვალანს-რომანი“ დაძაბულ ბრძოლაში 36:35 დაამარცხა და მასპინძლების გამარჯვებაში სოლიდური წვლილი ჩვენმა თანამემამულეებმა შეიტანეს. სტუმრების ჩათვლის მოედანი ჯერ 51-ე წუთზე ლაშა ფხაკაძემ აიღო, ხოლო ზუსტად 9 წუთში ლელოს დადება ლუკა პეტრიაშვილმაც მოახერხა, რომელმაც ბოლო ოთხ შეხვედრაში თავი მესამედ გამოიჩინა. ფხაკაძის და პეტრიაშვილის გარდა, ამ პაექრობაში „ნევერის“ რიგებში ლუკა უნგიაძემაც იასპარეზა, რომელიც მატჩში შესვენების შემდეგ ჩაერთო.
„ბრივმა“ საკუთარ სტადიონზე „ორიაკი“ დიდი სხვაობით, 75:9 დაამარცხა და მასპინძლების შემადგენლობაში ერთი ლელო კონსტანტინე მიქაუტაძემ დადო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და ბრიველთა ერთ-ერთი შეტევა მეტოქის ჩათვლის მოედნის აღებით დაასრულა.
„ორიაკის“ რიგებში ცხრავე ქულა საჯარიმოებით თედო აბჟანდაძემ მიითვალა, ხოლო მის გარდა ამ კლუბში კიდევ ოთხმა ქართველმა იასპარეზა - ირაკლი მჭედლიძე, მირიან ბურდული და დაჩი პაპუნაშვილი სასტარტოში იყვნენ, ხოლო ბასა ხონელიძე ცვლილებაზე შევიდა.