შიოშვილს ვერ აჩერებენ - ქართული ლელოები საფრანგეთში
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რეგულარული გათამაშების 21-ე ტურში ლელო სამმა ქართველმა მოთამაშემ დადო, სამიდან ორი ლელო კი ერთ შეხვედრაში დაფიქსირდა. „ტულონმა“ სტუმრად „მონტობანს“ 25-ქულიანი სხვაობით, 47:22 მოუგო და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ქართველმა მორაგბეებმაც შეიტანეს.
გიორგი ჯავახიასთან ერთად „ტულონის“ სასტარტოში დაიწყო ასპარეზობა ბექა გიგაშვილმა, რომელმაც მეოცე წუთზე აიღო „მონტობანის“ ჩათვლის მოედანი და სტუმრები 9-ქულიანი უპირატესობით დააწინაურა.
გიგაშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს, ზუსტად სამ წუთში კი მოედანი ჯავახიამაც დატოვა, თუმცა „ტულონი“ ქართველი მორაგბის გარეშე დიდხანს არ დარჩენილა და 63-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა ამომავალმა ვარსკვლავმა მიხეილ შიოშვილმა მოედანზე გამოჩენიდან სამ წუთში ჩინებული სოლორეიდის შედეგად ლელო დადო.
ამ უკანასკნელმა წელს „ტულონში“ ჩატარებულ 4 მატჩში უკვე ორჯერ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი, ხოლო გიგაშვილისთვის ამ ტურში დადებული ლელო წელს ასევე მეორე იყო. ამავე მატჩში „მონტობანის“ თადარიგში იყო ნუგზარ სომხიშვილი, რომელიც თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო.
რაც შეეხება მესამე ქართველს, რომელმაც 21-ე ტურში გამოიჩინა თავი, მისი ვინაობის გამოცნობა რთული არ არის. ამის გაკეთება „სტად ფრანსეს“ ლეგიონერმა გიორგი მელიქიძემ შეძლო, რომელიც კარიერაში უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს. მან სტუმრად „რასინგის“ ჩათვლის ზონაში შეაღწია, თუმცა „სტად ფრანსე“ 20:47 დამარცხდა.
ცნობისათვის, ამავე მატჩში „რასინგის“ რიგებში ორმა ქართველმა იასპარეზა - გია ხარაიშვილი ძირითადში იყო 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი თამაშში მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო.