სენსაცია საქართველოს თასზე | გაგრა ისტორიაში მეოთხედ ფინალშია
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალში „გაგრამ'' დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „რუსთავი'' 2:1 დაამარცხა და ფინალში ისტორიაში მეოთხედ გავიდა.
„გაგრამ'', რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ნახევარფინალში ჩემპიონობისთვის მებრძოლი, გია ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი'' დაამარცხა, რაც სენსაციად შეგვიძლია შევაფასოთ.
მე-14 წუთზე იაზლი ნაზაროვმა „გაგრა“ დააწინაურა, სტუმრებო შეცდნენ, ჩაწოდებისას ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ვერ გამოიტანეს და ნაზაროვმა თავით გაიტანა. 27-ე წუთზე მსაჯმა „რუსთავის“ მარცხენა მცველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს ყვითელი ბარათი უჩვენა. ჩიქოვანმა წესი საკუთარ საჯარიმოში დაარღვია, ვანდერსონმა პენალტი ბრწყინვალედ შეასრულა, ანგარიში 2:0 გახდა.
მე-80 წუთიდან მასპინძლები 10 ფეხბურთელით თამაშობდნენ, არბიტრმა პირველი გოლის ავტორი იაზლი ნაზაროვი გააძევა.
ერთადერთი საპასუხო გოლი მეორე ტაიმში, 84-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა. 21 წლის ფეხბურთელმა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.
„გაგრამ“ საქართველოს თასი ორჯერ მოიგო, 2010-11 წლების სეზონის ფინალში ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა, 2018 წლის ფინალში „ტორპედოსთან“ დამარცხდა, ხოლო 2020 წლის ფინალში პენალტების სერიაში „სამგურალს“ აჯობა. ასე რომ, „გაგრა“ ფინალში მეოთხედ ითამაშებს.
მეორე ნახევარფინალში „დინამო ბათუმი'' - გორის „დილას'' დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმში, 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს