„ლუის ენრიკეს უნდა უხაროდეს, რომ გუნდში ჰყავს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტულუზა“ 3:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა მიითვალა, საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ფრანგული გამოცემებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.
Footmercato: „ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა, შეუფასებელი იყო ბურთის შენარჩუნებისა (13 მოგებული დუელი) და გამოსავლის პოვნის მხრივ. ჩვეულებრივზე ნაკლებად მწვავე იყო და გუნდი საკუთარ თავზე წინ დააყენა. 51-ე წუთზე მომენტიც შექმნა, რომლითაც შეეძლო თავისი კარგი გამოსვლა დაეგვირგვინებინა.“
Le Parisien: „მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ში ნაკლებად აქტიური თამაშის გამო ზოგჯერ აკრიტიკებენ, დღეს ასეთი შეხვედრა ნამდვილად არ ჰქონია. თამაშზე თავისი კვალი მალევე დატოვა და მესამე წუთზე ლამაზი ჩახვეული დარტყმა შეასრულა, რომელიც მეკარემ აუღო; მერვე წუთზე კი რესტემ კიდევ ერთხელ აჯობა. 33-ე წუთზე კარგი თავური პასით დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. პარი სენ-ჟერმენის შვიდიანმა თავისი ტექნიკური უნარები აჩვენა და ბოლო მესამედში განსხვავება შექმნა. დაცვაშიც აქტიურად იყო ჩართული.“
90min: „სოლიდური პირველი ტაიმი ქართველი ფეხბურთელისგან. ენერგიული იყო, თამაშს ამწვავებდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. არც დაცვაში აკლებდა. მეორე ტაიმში მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და საჯარიმოში რამდენჯერმე ბრწყინვალედ შეიჭრა.“
Maxifoot: „შეტევაში აქტიური იყო და ამ მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. ქართველმა გარემარბმა თავი პარი სენ-ჟერმენის მეორე გოლისას გამოიჩინა, როდესაც უსმან დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. რამდენიმე სახიფათო რეიდი და დარტყმა ჰქონდა, დაცვაშიც ბევრს მუშაობდა. გოლი არ გაუტანია, მაგრამ თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა.“
Parisfans: „ხვიჩა კვარაცხელია იმდენ სამუშაოს ასრულებს, ლუის ენრიკეს უნდა უხაროდეს, რომ გუნდში ჰყავს. განსხვავებული სტილის ფეხბურთელია (როგორც ამას ენრიკე ამბობს). ზაირ-ემერის მსგავსად, კვარაცხელიას გუნდში ყოლა გარანტიაა იმისა, რომ მეტოქეებს რთული საღამო ექნებათ. ბრწყინვალე თამაში ჰქონდა.“
L’Equipe: „ქართველმა ფეხბურთელმა ტექნიკური უნარები გუნდისთვის გამოიყენა. ბრწყინვალე ეპიზოდები შემოგვთავაზა და მეორე გოლისას უსმან დემბელეს საგოლე გადაცემა თავით გაუკეთა. როდესაც მომენტები შეექმნა, ცოტა ცივსისხლიანობა დააკლდა, რათა შეტევები გოლით დაესრულებინა.“
ცნობისთვის, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „კვარას“ მონაწილეობა 23 შეხვედრაში აქვს მიღებული. მის ანგარიშზე 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ყველა ტურნირზე ერთად მან 12 გოლი გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები ტულუზასთან