გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

სლოტმა დაადასტურა - ალისონი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

რამდენიმე წუთის წინ, არნე სლოტმა ალისონის სერიოზული ტრავმა დაადასტურა. ბრაზილიელი მეკარე „პარი სენ-ჟერმენთან“ ორივე დაპირისპირებას გამოტოვებს და მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ სეზონის ბოლოსთვის შეძლებს.

ალისონმა დაზიანება 18 მარტს, „გალათასარაისთან“ 4-0 მოგებული მატჩის შემდეგ მიიღო. ამის გამო მან უკვე გამოტოვა სამი შეხვედრა კლუბსა და ნაკრებში.

ბრაზილიელის მდგომარეობის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი, თუმცა „მანჩესტერ სიტისთან“ ასოციაციის თასის მეოთხედფინალის წინ სლოტს მისი პირველი ნომრის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან დაადასტურა, რომ მეკარე „ეტიჰადზე“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს და დაამატა:

„ის ასევე არ მიიღებს მონაწილეობას „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩებში. დამატებით კიდევ გარკვეული დროით იქნება უქმად. ველოდებით, რომ სეზონის დასასრულისთვის მზად იქნება“.

ლივერპულური გამოცემა thisisanfield-ი წერს, რომ ბრაზილიელის დაზიანება სერიოზულია:

„მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ორი თვე დარჩა, ალისონის პრობლემა აშკარად სერიოზულია - რამდენიმე კვირით ჩამოშორებაც კი ნიშნავს, რომ ის სეზონის გადამწყვეტი ფაზის უდიდეს ნაწილს გამოტოვებს.

მისი არყოფნა ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილს მოუწევს თამაში სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში, როდესაც „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგისა და ასოციაციის თასისთვის იბრძვის, პარალელურად კი პრემიერ ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრას ცდილობს.

33 წლის ალისონისთვის ეს მხოლოდ მიმდინარე სეზონში ტრავმის ან ავადმყოფობის გამო გამოწვეული მეოთხე პაუზაა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა, მისი გრძელვადიანი მომავლის შესახებ კითხვები სამართლიანად ჩნდება.

მოსალოდნელია, რომ ალისონის წასვლის შემდეგ პირველი ნომრის სტატუსს სწორედ ქართველი დაიკავებს, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს დასამტკიცებელი, რომ ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ ტაქტიკას კარგად ერგება“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, „ლივერპული“ FA CUP-ის 1/4-ფინალში სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 15:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები