ბრისტოლმა TOP 14-ის კლუბებს აჯობა - ივანიშვილი ინგლისში წავიდა
ლუკა ივანიშვილი კარიერას ინგლისის ცნობილ სარაგბო კლუბ „ბრისტოლში“ განაგრძობს. როგორც ბრიტანული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მათმა სპორტულმა დირექტორმა პეტ ლამმა ნამდვილი გამჭრიახობა გამოიჩინა და საქართველოს ნაკრების მორაგბისთვის სატრანსფერო ბრძოლა საფრანგეთის TOP 14-ის წამყვან კლუბებს მოუგო. საინტერესო იყო მისტერ პეტის კომენტარი, რომელმაც ივანიშვილი ასე დაახასიათა:
„ის მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობს როგორც ექვსი, ასევე შვიდი და რვა ნომრის პოზიციაზე. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მორაგბეა და მეტწილად მის დაცვით უნარებს გამოვარჩევდი, რადგან როდესაც გუნდი ბურთს დაკარგავს, მის დასაბრუნებლად ლომივით იბრძვის“.
ინგლისელები წერენ, რომ უნივერსალური თვისებებით დაჯილდოებულ 23 წლის ქართველ მორაგბეს საკმაოდ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 23 კეპი აქვს მოხვეჭილი, ხოლო „შავი ლომის“ რიგებში ჩატარებულ 30 შეხვედრაში თავი 11 ლელოთი გამოიჩინა. ბრიტანელები აღნიშნავენ, რომ „ბრისტოლის“ ხელმძღვანელებს ლუკამ თავი სამხრეთ აფრიკა - საქართველოს მატჩში მოაწონა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ღირსეულად და მაღალ დონეზე იასპარეზა.
ცნობისათვის, „ბრისტოლ ბეარსი“ ევროპის ჩელენჯ თასის ჩემპიონი 2019-2020 წლების სეზონში გახდა, ხოლო RFU Knockout Cup-ი ოთხჯერ აქვს მოგებული.