გია ნიჟარაძე
Aa
Aa

„ირლანდიასთან მოგება შეიძლებოდა, იტალიასთან საოცარი თამაში აჩვენეს“ - ნიჟარაძემ მსოფლიოს თასი შეაფასა

რაგბის ქართველ გულშემატკივრებთან გია ნიჟარაძეს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ის ქართული რაგბის სამყაროში ფუნქციონერის ამპლუაში 2005 წლიდან გამოჩნდა, როდესაც ჯერ რაგბის კავშირის გამგეობის წევრად, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 2008 წლიდან 2016 წლამდე კი კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა და ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი სწორედ მისი მმართველობის პერიოდში აჩვენეს. ამჯერად ნიჟარაძეს საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ასპარეზობის შეფასება ვთხოვეთ და Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლადო კილასონიას შეგირდების გამოსვლაზე საინტერესო ანალიზი გააკეთა.

გია ნიჟარაძე

ასეთ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრე ადგილის დაკავება ცუდი შედეგი არასოდეს არის. სამწუხაროდ, პირველ ტურში ირლანდიასთან ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რაც შეგვეძლო და ამ მოწინააღმდეგის დამარცხება რომ სავსებით რეალური იყო, მოგვიანებითაც კარგად გამოჩნდა, როდესაც ირლანდიელებმა არადამაჯერებლად იასპარეზეს და ერთ-ერთი უსუსტესი ტურნირი ჩაატარეს. საქართველო - ირლანდიის მატჩის ყურებისას დამეუფლა შეგრძნება, რომ მოსამზადებელი პერიოდის დროს ჩვენს ბიჭებს ძლიერ მეტოქესთან კიდევ ორი საკონტროლო თამაში რომ გაემართათ, გაცილებით კარგი იქნებოდა.

ახალ ზელანდიასთან მარცხზე „უმცროს ბორჯღალოსნებს“ ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებთ, იტალიასთან კი ბიჭებმა ძალიან მაგარი თამაში აჩვენეს. წავიკითხე ბევრი კომენტარი და საყვედური იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვერ მოვუგეთ იტალიელებს - აქ ყველაფერი მარტივად არის, გადავიტანდით ბურთს აუტში და თამაში მოგებული იყო, თუმცა ბონუს-ქულა და რისკი გვჭირდებოდა, რის გამოც ბიჭებს ვერავინ გაამტყუნებს.

ესპანელებმა ამ მსოფლიოს თასზე ბევრ ძლიერ გუნდს პრობლემები შეუქმნეს, ჩვენ კი პირენეელები უპირობოდ დავამარცხეთ. ასევე არ შეიძლება შოტლანდიელებთან მოპოვებული გამარჯვების დაკნინება, რადგან „სქოთები“ უკანასკნელი წლების მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდით იყვნენ წარმოდგენილნი.

ჩემი აზრი ასეთია - ამ ფორმაციის საქართველოს 20-წლამდე ნაკრებში ექვსი მორაგბე მაინც იყო ისეთი, რომლებიც სათანადო მიდგომისა და მომზადების შემთხვევაში, უახლოეს წლებში ეროვნულ გუნდს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევენ.

ცნობისათვის, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ჩატარებული ხუთი მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო. ჩვენი გუნდის მორაგბე მიხეილ შიოშვილი კი დადებული ლელოების რაოდენობით ტურნირზე საუკეთესო გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაგბიში 2026 წლის მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება
რაგბიში 2026 წლის მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება