ლორია: “მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ ჩემს სანაკრებო კარიერას“
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს ფარერების წინააღმდეგ გამართავს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე გიორგი ლორია წარსდგა, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გვამცნო.
ლორია:
„ნაკრებში 17 წელი გავატარე. ხვალ ეროვნული ნაკრების მაისურით უკანასკნელ თამაშს ჩავატარებ. არ იყო ეს წლები მარტივი, რომელიც გავიარე, მაგრამ ნაკრების მაისურს ყოველთვის სიამაყით ვატარებდი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგა - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, ექიმებს, სტაფის წევრებს და ა. შ.
ასევე კამერის უკან მდგომ ადამიანებს, რომლებსაც დიდი დამსახურება მიუძღვით. რა თქმა უნდა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ. ჩემთვის მათი გვერდში დგომა ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობოდა.
განსაკუთრებული იყო ესპანეთის წინააღმდეგ მატჩი, როდესაც 55 ათასი კაცი ჩემს გვარს სკანდირება. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით არ არიან. მათ ჩემი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს. საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში დიდი სიამაყე იყო, ბავშვობიდან ამ მაისურის ტარება ჩემთვის ოცნება იყო და მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა.
მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ ჩემს სანაკრებო კარიერას სუფთა გულით... ამ დროის განმავლობაში ჩემი წვლილიც შევიტანე ქართული ფეხბურთის განვითარებაში. მე ფეხბურთში ვრჩები და სამომავლოდაც, ჩემი გამოცდილებით ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.
მინდა კვარას ეს სასწაული ამბავი მივულოცო. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველებს მაღალ დონეზე შეგვიძლია თამაში. კვარას მაგალითზე ვხედავთ, თუ რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდა თაობამ და როგორ უნდა იშრომოს, რომ ასეთ წარმატებას მიაღწია. ძალიან ნიჭიერები ვართ და ეს დროთა განმავლობაში კიდევ მტკიცდება. მთავარია თავდაუზოგავი შრომა და ამ საქმისადმი სიყვარული.”
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს 2008 წლიდან იცავს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 78 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 19-ჯერ შეინახა.
ცნობისთვის, საქართველოსა და ფარერების დაპირისპირება 5 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.