„ეს ფეხბურთელების განადგურებაა“ - კუმანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა და მისი ჩატარების იდეა გააკრიტიკა.
„მე არაერთხელ მისაუბრია კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ტურნირის ჩატარება სრული აბსურდია. კლუბები კარგ შემოსავალს მიიღებენ, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც არაერთი ტიტული აქვს მოგებული, ამ ტურნირის მოგება გაუხარდეს, თუ შევადარებთ ამას ჩემპიონთა ლიგას, ეროვნულ ჩემპიონატებს, ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატს. ეს უბრალოდ ფეხბურთელების განადგურებაა“.
ცნობისთვის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი წელს პირველად განსხვავებული ფორმატით გაიმართება. 7 გუნდის ნაცვლად ტურნირში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს წელს აშშ უმასპინძლებს.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენიც“ მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფურ ეტაპზე პარიზული კლუბის მეტოქეები მადრიდის „ატლეტიკო“, „ბოტაფოგო“ და „სიეტლ საუნდერსი“ იქნებიან.