სიმეონე: პენალტის წესი იცვლება? 2016 წელს რამოსის თამაშგარეც არ დაინახეს
ახალი სეზონიდან პენალტის შესრულების დროს არსებული წესებიდან ერთ-ერთი და უკვე საკმაოდ გახმაურებული მათგანი შეიცვლება. საუბარია ბურთთან დარტყმის დროს ერთდროულად ორივე ფეხით შეხებაზე.
ყველას ახსოვს ალბათ „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ მატჩი, როცა ხულიენ ალვარესს დარტყმის მომენტში ბურთთან ერთდროულად ორივე ფეხით შეხება დაუფიქსირეს.
ამ თემაზე და ზოგადად მისი გუნდის მიმართ უსამართლობაზე ისაუბრა დიეგო სიმეონემ.
„ძნელია სიტყვებით აღწერო რაღაც ასეთი სასტიკი ფაქტი. ჩვენ განაწყენებულები, აღშფოთებულები ვართ. არ გვესმის, რატომ მოხდა ეს და ვერც გავიგებთ.
იმ მომენტში დარტყმის ეპიზოდი არ მინახავს, ვნერვიულობდი. შემდეგ მითხრეს, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ის ბურთს ორჯერ შეეხო. და მე ვუთხარი: „კარგი, ის ბურთს დანამდვილებით ორჯერ უნდა შეხებოდა“.
როდესაც უყურებ თამაშს ამ ფაქტის შემდეგ და ხედავ, რომ ალვარესი ბურთს ორჯერ არ შეხებია, ეს ყველაფერი რთული მისაღებია.
ეს არ იყო უბრალოდ მორიგი პენალტი, ეს იყო პენალტი, რომელიც მეოთხედფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს მიგვიყვანდა - იმ სეზონში, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგად ვთამაშობდით. ეს არის ერთ-ერთი იმ მომენტთაგან, რომელიც შედის ფეხბურთის ისტორიაში და აი - წესებიც იცვლება, როგორც ყოველთვის ასეა.
მახსოვს რამოსის გოლი (2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში). გვერდით არბიტრთან ვიყავი და დავინახე, რომ თამაშგარე იყო. მან ეს არ დაინახა, მაგრამ აშკარად ჩანდა. ათი წლის შემდეგ მსაჯმა (მარკ კლატენბურგმა) თქვა: „ჩვენ შეცდომა დავუშვით“. მაგრამ თქვენ ვერ დაიბრუნებთ ამ მომენტს და ვერც ამ მომენტის დაბრუნებას შეძლებთ, ასე რომ თქვენ მხოლოდ აღშფოთება შეგიძლიათ. ეს უსამართლობაა, ჩვენ გაგვძარცვეს“,
- თქვა „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა DAZN-თან ინტერვიუში.