„პარიზმა ინგლისური გრანდები უარით გაისტუმრა“ - Teamtalk ხვიჩაზე წერს
„ჩელსისა“ და „არსენალის“ შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საკითხზე „პარი სენ-ჟერმენს“ „ლივერპულმაც“ მიმართა, თუმცა ფრანგებმა სამივე კლუბი უარით გაისტუმრეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„მერსისაიდული“კლუბი კვარაცხელიას წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რათა ფეხბურთელთან დაკავშირებული სიტუაცია გაეგო, პასუხი კი, როგორც TEAMtalk-ის წყაროები ამბობენ, ასეთი იყო: „ხვიჩა ზაფხულში პსჟ-ის დატოვებას არ გეგმავს და ის საფრანგეთის დედაქალაქში თავს კარგად გრძნობს.“
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კვარაცხელიასთვის პირველი სრულფასოვანი სეზონია პსჟ-ში, მას შემდეგ რაც ის ლუის ენრიკეს გუნდს გასული წლის იანვარში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მას უკვე 11 გოლი და 7 ასისტი დაუგროვდა, თუმცა ინგლისური კლუბების ინტერესის მიუხედავად, პარიზელები კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებენ.
ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს. მისი პოტენციური ტრანსფერი პრემიერლიგისთვის რეკორდული გახდება, ვინაიდან პსჟ კვარას 160 მილიონ გირვანქაზე დაბალ ფასში არ გაყიდის“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა „ჩელსი“ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.