„ევროპული ფეხბურთის ბრილიანტი“ - ლიეტუვური მედია ხვიჩაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ ამხანაგურ მატჩში ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი უკვე კაუნასში იმყოფება, მატჩამდე კი ადგილობრივი გამოცემა Kauno diena „ჯვაროსნების“ კაპიტანზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და მას „ევროპული ფეხბურთის ბრილიანტს“ უწოდებს.
რას წერს გამოცემა:
„ხვალ კაუნასის სტადიონზე ვიხილავთ ევროპული ფეხბურთის ბრილიანტს - ხვიჩა კვარაცხელიას. ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელიც ამ სტადიონზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ლიეტუვის ნაკრებმა სტუმრად მოლდოვას მოუგო, ქართველებმა კი საკუთარ მოედანზე ისრაელი მიიღეს. მასპინძელთა ორივე გოლი პსჟ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
25 წლის შემტევს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ თამაშის დროს „კვარადონა“ შეარქვეს, რაც მისი გვარისა და „ნაპოლის“ გულშემატკივრების კერპის, დიეგო მარადონას გვარის ნაზავია. ხვიჩამ ისრაელს 36-ე და 54-ე წუთზე გაუტანა, სტუმრებმა კი მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს.
საქართველოს ნაკრების კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა - „ლივერპულის“ მეკარის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 27 მილიონი ევროა. ამდენივე ღირს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ვარსკვლავი - ესპანური „ვილიარეალის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე.
ფეხბურთელობის დროს არაერთი ტიტული აქვს მოგებული საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლსაც. 49 წლის ფრანგი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ხოლო 2001 წელს „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. საგულისხმოა, რომ ამ ტურნირის გამარჯვებულია ლიეტუვის ნაკრების მწვრთნელი ედგარას იანკაუსკასიც, რომელიც 2004 წელს ჟოზე მოურინიოს „პორტუს“ ღირსებას იცავდა“.
ცნობისთვის, ლიეტუვა-საქართველოს მატჩი ხვალ თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.