რეციდივის დიდი საფრთხე იყო | რატომ გამოტოვა სალიამ სანაკრებო შეკრება (U21)
ევროშესარჩევში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისში ლატვიასთან ფრედ 1:1 ითამაშა. რამაზ სვანაძის გუნდს კვლავ ვერ ეხმარება ვახტანგ სალია, ნიუკასლის შემტევმა მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ რეციდივის თავიდან არიდების მიზნით სალია კლუბში დარჩა და რეაბილიტაციის კურსს გადის.
რამაზ სვანაძე: „სალიას იგივე ტრავმა არ აქვს, რაც მანამდე აწუხებდა. რეციდივი არაა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ პატარ-პატარა პრობლემები ბუნებრივი პროცესია. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ტრავმა სერიოზული სირთულის არაა, თუმცა ძალიან დიდი რისკები იყო. კომუნიკაცია და ჩართვა ნიუკასლის სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბთან გვქონდა. საბოლოოდ, შევთანხმდით იმაზე, რომ მისი ამ შეკრებაზე გამოყენება ძალიან დიდი რისკი იქნებოდა.
მას ერთკვირიანი რეაბილიტაციის პროცესის გავლა მოუწევდა. იყო იმის შანსი, რომ მალტასთან ეთამაშა, თუმცა მალტასთან თამაშის წინ მხოლოდ და მხოლოდ ორ ვარჯიშში მონაწილეობას მოასწრებდა. ამას დაემატებოდა ძალიან დიდი ფრენები და დიდი საფრთხე იყო, რომ ტრავმის რეციდივი მომხდარიყო. ამიტომ, სალია გუნდში დარჩა და ვგეგმავთ, რომ სამომავლოდ საქმეში ვნახოთ’’.
ვახტანგ სალიამ კუნთის მძიმე ტრავმა 2025 წლის ზაფხულში მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე მიიღო. ახლახანს დაბრუნდა და მარტის თვეში ნიუკასლის 21-წლამდე გუნდში ორი გოლი გაიტანა, თუმცა მცირე ტრავმა მიიღო და როგორც რამაზ სვანაძემ აღნიშნა, მალე დაბრუნდება.