გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„შეუძლია, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდეს“ | წიტაიშვილი რეალთან მატჩის გამო შეაქეს

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში „რეალმა“ „რაიო ვალეკანო“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 4:1 დაამარცხა. გიორგი წიტაიშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც Unión Rayo-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ქართველ ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა.

„გიორგი წიტაიშვილი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რაიო ვალეკანოს“ ამ სეზონის საუკეთესო მომენტების შემოქმედი იყო. ქართველი გარემარბი ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და ბენატ სან ხოსეს ნდობა ისეთი გამოსვლით გაამართლა, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

წიტაიშვილს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია. სან ხოსემ ის მარჯვენა ფლანგზე დააყენა და გიორგიმ სწრაფად აჩვენა, რომ შეუძლია, „რაიო ვალეკანოს“ შეტევის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდეს. ქართველი გარემარბი ალვარო კარერასს პრობლემებს მთელი მატჩის განმავლობაში უქმნიდა და საკუთარ სისწრაფეს, დრიბლინგის უნარსა და უნივერსალურობას ეფექტურად იყენებდა.

წიტაიშვილი მხოლოდ ფლანგის დაკავებით არ შემოიფარგლა — იგი პოზიციას იცვლიდა, „რაიო ვალეკანოს“ შეტევებში აქტიურად ერთვებოდა და რამდენიმე სახიფათო მომენტის შემოქმედი გახლდათ. მას გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ ტიბო კურტუამ ბრწყინვალე სეივი შეასრულა. ამ ეპიზოდში შესანიშნავად გამოჩნდა ის ხასიათი და თამაში, რომელიც ქართველმა ძირითად შემადგენლობაში თავის პირველივე მატჩში აჩვენა.

წიტაიშვილი „რაიო ვალეკანოში“ გუნდის შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად მოვიდა და საკუთარი უნარების საჩვენებლად სათამაშო დრო სჭირდებოდა. მან შანსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სტადიონზე მიიღო და დამალვა არც კი უცდია. მეტოქის სირთულის მიუხედავად, იგი მუდმივად ცდილობდა, მოწინააღმდეგეზე წასულიყო, თავისუფალი სივრცეებისთვის შეეტია და კურტუა შორეული დარტყმებით შეეწუხებინა. მას მხოლოდ გოლის ჯილდო დააკლდა, თუმცა მისმა თამაშმა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა“.

ცნობისთვის, „რაიო ვალეკანოს“ 5 შეხვედრაში 4 ქულა აქვს მოპოვებული. წიტაიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველების შტურმი უშუქობამ გადაარჩინა | VAR-მა ეპიზოდი ვერ გადაამოწმა
ქართველების შტურმი უშუქობამ გადაარჩინა | VAR-მა ეპიზოდი ვერ გადაამოწმა