ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

ქართველების შტურმი უშუქობამ გადაარჩინა | VAR-მა ეპიზოდი ვერ გადაამოწმა

ავსტრიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ საკუთარ კედლებში სატურნირო ცხრილის ლიდერს, „ლასკს“ დაუპირისპირდა. „ლასკმა“ მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა და „შტურმთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმრები ქულის გადარჩენასთან ახლოს იყვნენ. მატჩის ბოლოსკენ ისინი პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, VAR-მა კი მომენტი ვერ გადაამოწმა, რადგან გრაცში დენი იყო გათიშული. დიახ, სწორად წაიკითხეთ — „შტურმი“ უშუქობამ გადაარჩინა. როგორც გაირკვა, გენერატორთან მხოლოდ სტადიონის განათება გახლდათ დაკავშირებული.

„ლასკის“ ფეხბურთელმა, საშა კალაიჯიჩმა მატჩის შემდეგ განაცხადა: „აშკარა პენალტი იყო. მეტოქემ საგოლე შეტევა ჩაგვიშალა და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. სამარცხვინოა, რომ სტადიონზე განთავსებული ეკრანი, რომელზეც VAR-ის გადაწყვეტილება უნდა გამოჩენილიყო, ჩამქრალი გახლდათ“.

„შტურმისა“ და „ლასკის“ მატჩის ტრანსლაცია Sky Sport Austria-ზე გადიოდა და პრობლემები სატელევიზიო არხსაც შეექმნა. უშუქობის გამო, რეპორტაჟი რამდენიმე წუთით გაითიშა და საკამათო ეპიზოდის გარდა, მაყურებლებმა „შტურმის“ პენალტიც ვერ ნახეს, რომელიც კიტეიშვილმა გააფუჭა. უფრო მეტიც, მატჩის მიმოხილვაში, ვერც ერთი ზემოთ ხსენებული ეპიზოდი ვერ მოხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ Sky Sport Austria-მ განცხადება გაავრცელა: „ძვირფასო მომხმარებლებო, ვწუხვართ იმ პრობლემების გამო, რომლებიც ბუნდესლიგის მატჩის ტრანსლაციის ბოლო წუთებისას დენის გათიშვამ გამოიწვია. ამ პრობლემის გამოსასწორებლად ახლაც, შეხვედრის დასრულების შემდეგაც ვმუშაობთ“.

ცნობისთვის, 6 ტურის შემდეგ „შტურმს“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. გრაცელები მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, სტუმრად „ზალცბურგთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ ნომრად ჩხუბობდა, ტრილოგიაში ასე არ იქნება“ | მერაბმა იანსა და უმარზე ისაუბრა
„პირველ ნომრად ჩხუბობდა, ტრილოგიაში ასე არ იქნება“ | მერაბმა იანსა და უმარზე ისაუბრა