„პირველ ნომრად ჩხუბობდა, ტრილოგიაში ასე არ იქნება“ | მერაბმა იანსა და უმარზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილმა UFC On Paramount+-ს ინტერვიუ მისცა და მთავარი სასაუბრო თემა პიოტრ იანთან გასამართი საჩემპიონო ორთაბრძოლა გახლდათ. „მანქანამ“ აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს, ტრილოგიისთვის ცვლილებებს აპირებს და უმარ ნურმაგომედოვიც ახსენა, რომელიც სონგ იადონგთან ნოკაუტით დამარცხდა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ყოველდღე ვვარჯიშობ და ჩემი მომდევნო ჩხუბისთვის ვემზადები. იანთან წაგების გამო, თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნას არ ვაპირებ. UFC-ს თავად ვუთხარი, რომ თუ საჭიროება გაჩნდებოდა, ჩხუბისთვის მზად ვიქნებოდი. რემატჩი წავაგე და ახლა ტრილოგია გველოდება. ანგარიში 1:1-ია და ახლა ვნახავთ, ნამდვილი ჩემპიონი ვინ არის. მჯერა, ეს მე ვარ.
ვარჯიში ძალიან კარგად მიდის. ალჯამეინ სტერლინგთან, მუინ გაფუროვთან და დეივი გრანტთან ერთად ვვარჯიშობ. თავდაჯერებული ვარ და იანის წინააღმდეგ ძალიან კარგ გამოსვლას ვაჩვენებ. ჩემი ცხვირი? ყველაფერი კარგადაა. არავითარი ოპერაცია — გოგონებს მაინც მოვწონვარ, ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.
იანთან მესამე ბრძოლაში უბრალოდ საკუთარი თავი უნდა ვიყო. ბოლო ჩხუბში ვცდილობდი, სხვანაირი ვყოფილიყავი — თავში დარტყმების მიყენებაზე მეტისმეტად ვიყავი ფოკუსირებული. ახლა კი კორპუსში დარტყმებზეც გავაკეთებ აქცენტს და მრავალფეროვანი შეტევები მექნება. წინა ორთაბრძოლაში იანი პირველ ნომრად ჩხუბობდა, ახლა პირველი ნომერი მე ვიქნები. ახლა მე ვიქნები ის, ვინც ტანსა და თავში ძლიერ დარტყმებს მიაყენებს და სახეს დაუნგრევს.
რაც შეეხება უმარს, სონგ იადონგმა შთამბეჭდავი გამოსვლა აჩვენა. ვიცოდი, რომ ის სახიფათო მებრძოლი იყო და როდესაც ნურმაგომედოვის წაგება ვნახე, ბედნიერი ნამდვილად არ ვყოფილვარ, რადგან ასეთ მარცხს არავის ვუსურვებ. ბედნიერი არ ვყოფილვარ, მაგრამ სონგის გამო აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან ის ქამრის ახალი პრეტენდენტია. ერთი სული მაქვს, მასთან როდის ვიჩხუბებ — თუ პიოტრ იანს დავამარცხებ, ჩემი მომდევნო მეტოქე სწორედ იადონგი იქნება“.
მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანის მესამე ჩხუბამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. „მანქანა“ UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას 24 ოქტომბერს შეეცდება. მერაბისა და იანის დაპირისპირება აბუ-დაბიში გაიმართება.