„თუ ასე მოხდა, სატიტულო ბრძოლას აღარ მოვითხოვ“ - ცარუკიანი რუფისთვის ემზადება
ზუსტად ერთ კვირაში UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ერთი ისეთი ბრძოლა გაიმართება, რომლის საბოლოო შედეგიც ძალიან ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს. 19 სექტემბერს, წონის მეორე ნომერი არმან ცარუკიანი, რომელიც დიდი ხანია სატიტულო ჩხუბს ითხოვს, ბრაზილიელ მაურისიო რუფის დაუპირისპირდება, რომელმაც თეთრი სახლის ღონისძიებაზე მაიკლ ჩენდლერის სანახაობრივ სტილში დამარცხებით, სერიოზული განაცხადი გააკეთა. როგორი განწყობაა მებრძოლებში და რაზე აპირებენ აქცენტის გაკეთებას, ამასთან დაკავშირებით კომენტარი როგორც სომეხმა, ასევე ბრაზილიელმა სპორტსმენმა გააკეთა.
არმან ცარუკიანი
რუფი ჩვენ დივიზიონში საუკეთესო მოკრივეა, რის გამოც ამ ბრძოლას ვუყურებ, როგორც სატიტულოს. თუ დავმარცხდები, ქამარზე ჩხუბს აღარასოდეს მოვითხოვ. როგორც უკვე გითხარით, მაურისიოს კარგი დარტყმა აქვს, რის გამოც ბრძოლის ჭკვიანურად წარმართვა დამჭირდება. რუფიმ ბევრი გათიშა, მაგრამ ახლა ჩემი დროა. არ ვამბობ რომ იოლ გამარჯვებას მოვიპოვებ, თუმცა მაქვს გეგმა, რომელიც ასი პროცენტით იმუშავებს.
მაურისიო რუფი
MMA-ს გულშემატკივართა უმრავლესობამ კარგად იცის, რომ თუ არმანი ჩემთან დგომში ჩხუბს დაიწყებს, აუცილებლად გაითიშება. ასე რომ, სრულიად გასაგებია, რა უნდა გავაკეთო გამარჯვების მოსაპოვებლად - მისი თეიქდაუნებისგან თავი მაქსიმალურად დავიცვა და ვეცადო ნოკაუტში ჩავაგდო.
ცნობისათვის, არმან ცარუკიანი ოქტაგონში ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ, 2025 წლის ნოემბერში შევიდა და დენ ჰუკერი საბმიშენით დაამარცხა. რაც შეეხება რუფის, როგორც უკვე მოგახსენეთ, თეთრი სახლის ღონისძიებაზე ვეტერან მაიკლ ჩენდლერს ნოკაუტით აჯობა.