„ყველაფერი აქვს, რომ აბსოლუტურად ტოპ ფეხბურთელი გახდეს“ | ნიდერლანდებში ეგოიანს აქებენ
მარიო ბეენი ნიდერლანდელი სპეციალისტია, რომელიც De Telegraaf-ისთვის მუშაობს და ადგილობრივ ფეხბურთში ავტორიტეტული ფიგურაა. ბეენმა „ექსელსიორის“ ქართველ ფეხბურთელზე, ირაკლი ეგოიანზე ისაუბრა და ახალგაზრდა ნახევარმცველი კიდევ ერთხელ შეაქო.
„ირაკლი ეგოიანს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ აბსოლუტურად ტოპ დონის ფეხბურთელი გახდეს. თანაც, იგი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა“, — განაცხადა ბეენმა გადაცემაში Goedemorgen Eredivisie.
ეგოიანმა ერედივიზიეს ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ნიდერლანდური პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. იმავე ბეენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ირაკლის ყველაფერი აქვს, რათა „აიაქსის“, პსვ-სა თუ „ფეიენოორდის“ რიგებში ითამაშოს. მან როტერდამელებს ურჩია, იმოქმედონ და კონკურენტებს ეგოიანის ტრანსფერი დაასწრონ.
ცნობისთვის, ეგოიანმა ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში „ექსელსიორის“ ექვსივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი („კამბურთან“ და „ვილემ II“-თან) და 4 საგოლე პასია („კამბურთან“, მოქმედ ჩემპიონ პსვ-სთან, „ვილემ II“-თან და „ნეიმეგენთან'', რომელმაც გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა).