ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„მისი სასტარტოში დაყენება გონივრული ნაბიჯია“ | ლეიკერსის ინსაიდერი მამუზე

NBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარ მწვრთნელს, ჯეი ჯეი რედიკს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, რომელიც გუნდის ახალწვეულს, სანდრო მამუკელაშვილს უკავშირდება.

ქართველმა კალათბურთელმა „ლეიკერსთან“ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მას მნიშვნელოვანი როლი ექნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, „მამუ“ სასტარტო ხუთეულში დაიწყებს თუ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

„ლეიკერსთან“ დაახლოებული ჟურნალისტი, რაიან უორდი, რომელიც ლოს-ანჯელესურ კლუბზე 15 წელზე მეტია მუშაობს, თვლის, რომ „მამუმ“ ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს. უორდის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მაისურით, სანდრომ აჩვენა, რომ დიდი პოტენციალი აქვს.

„არ მგონია, მამუკელაშვილის სასტარტო ხუთეულში დაყენებით „ლეიკერსმა“ რაიმე შეცდომა დაუშვას. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან საკუთარი პოტენციალის ნაწილი გამოავლინა. შემადგენლობაში სხვა კალათბურთელებიც არიან — უფრო დაცვითი პროფილის მქონე მოთამაშეები, მაგალითად, მატის ტაიბული და ზიაირ უილიამსი, თუმცა ამ მომენტისთვის მამუკელაშვილის სასტარტოში დაყენება ყველაზე გონივრულ ნაბიჯად მოჩანს“.

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა საქართველოს ნაკრებში ორი შეხვედრა გამართა. მონტენეგროს წინააღმდეგ მან 17 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო პორტუგალიასთან 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი ჰქონდა.

„ლეიკერსისთვის“ NBA-ის ახალი სეზონი 22 ოქტომბერს დაიწყება — მამუკელაშვილის გუნდი საკუთარ კედლებში „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდება. მანამდე ლოს-ანჯელესელები წინასასეზონო მატჩებს გამართავენ, პირველი შეხვედრა კი 6 ოქტომბერს, „საკრამენტო კინგსთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თავდამსხმელები მყავს“ - ენრიკე ბრესტთან გამარჯვების შემდეგ
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თავდამსხმელები მყავს“ - ენრიკე ბრესტთან გამარჯვების შემდეგ