დინამო ბათუმი, დილა, სანდრო ალთუნაშვილი, ლუკა წულუკიძე, ლაშა მენთეშაშვილი, უერდი მარა, შოთა შეყილაძე
Aa
Aa

მოგებათა და მშრალი სერია შეწყდა - ბათუმელები გორში გააჩერეს

წინა სეზონების მსგავსად „დილას“ წელს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა რომ გაუჭირდება, ამაზე სატურნირო ცხრილიც ნათლად მეტყველებს, თუმცა გორის კლუბი, განსაკუთრებით საკუთარ სტადიონზე, იოლად დასაძლევი ბარიერი რომ არავისთვის იქნება, ეს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტურის გახსნითმა მატჩმაც დაადასტურა. „დინამო ბათუმი“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 5-მატჩიანი მოგებათა სერიით ჩავიდა და თანაც ამ ხუთ მატჩში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს საკუთარ კარში ერთი ბურთიც კი არ ჰქონდათ მიღებული და მათთვის ეს უსიამოვნო ტრადიცია ქართლელებმა დაარღვიეს.

მასპინძლები 39-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა დააწინაურა, რომელმაც ბათუმელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა, მიმდინარე ლიგაში მერვედ გაიტანა და „დილას“ ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. გორელები შესვენებაზე გამარჯვებულები მაინც ვერ გავიდნენ, რადგან სანდრო ალთუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ლუკა წულუკიძემ აღადგინა წონასწორობა. ალთუნაშვილი მოევლინა ასისტენტად ცვლილებაზე შესულ ულად ომარ-იმრანსაც, რომელმაც „დინამო ბათუმი“ 63-ე წუთზე დააწინაურა. ამ მომენტიდან ძალიან მალე ჭიაბრიშვილმა წულუკიძე მოხსნა და ლუქსემბურგელი ენეს მაჰმუთოვიჩის ჩართვით დაცვის გაძლიერება სცადა, თუმცა ამ უკანასკნელმა დამრიგებელს იმედები გაუცრუა და შოთა შეყილაძის პასის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა უხეშობისთვის სტუმართა ერთ-ერთი ლიდერი უერდი მარა გააძევა, რომელიც მომდევნო ტურში თანაგუნდელებს უდავოდ დააკლდება.

აქვე გეტყვით, რომ „იბერია 1999“ - „სპაერი“ ამ წუთებში მიმდინარეობს, ხოლო Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტურის დარჩენილი სამი მატჩი, „მეშახტე“ - „რუსთავი“ (16:00), „ტორპედო“ - „სამგურალი“ (19:00) და „დინამო თბილისი“ - „გაგრა“ (21:00) ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Crystalbet ეროვნული ლიგა: დინამომ აუტსაიდერ მეშახტესთან ქულები დაკარგა
Crystalbet ეროვნული ლიგა: დინამომ აუტსაიდერ მეშახტესთან ქულები დაკარგა