„მადლობა ლუკას“ | მამუკელაშვილს სლოვენია ძალიან მოეწონა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელმა, ლუკა დონჩიჩმა თანაგუნდელები სლოვენიაში დაპატიჟა. დონჩიჩის მიზანი გუნდში კარგი ატმოსფეროს ჩამოყალიბება და ახალი მოთამაშეების უკეთ გაცნობა გახლდათ და ლუკას სამშობლოს სანდრო მამუკელაშვილიც ესტუმრა.
სლოვენიაში გატარებულ პერიოდზე „მამუმ“ დეონდრე ჰოუკინსისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. სანდრომ აღნიშნა, რომ ბევრი ლამაზი ადგილი ნახა და ლუბლიანა ძალიან მოეწონა.
„პირველ რიგში, მადლობა ლუკას. საოცარი ორგანიზება იყო და ყველაფერი მშვენივრად გახლდათ დაგეგმილი. ბევრი ლამაზი ადგილი გვანახეს და ლუბლიანა ძალიან, ძალიან კარგი ქალაქია. ამასთან, ეს ახალი გუნდისთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. ბევრი ახალი კალათბურთელი გვყავს და ერთად რომ ვიყავით, ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქოს ბევრი ახალი მოთამაშე საერთოდ არ გვყავს“.
ცნობისთვის, NBA-ის ახალი სეზონი „ლეიკერსისთვის“ 22 ოქტომბერს დაიწყება. „მამუ“ და კომპანია საშინაო არენაზე „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდებიან. მანამდე ლოს-ანჯელესელები წინასასეზონო მატჩებს გამართავენ და პირველი შეხვედრა 6 ოქტომბერს, „საკრამენტო კინგსთან“ ელით.