„ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო“ - მუჯირი კვარას ოლისესთან შედარებაზე
„თუ მაიკლ ოლისე ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, გამოდის, რომ ფეხბურთში რაღაც რიგზე ვერ არის“ - ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ორიოდე თვის წინ Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რითაც ქართველი გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიანი საყვედურები გამოიწვია. როდესაც იმ ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, რომელსაც შენ წლებია ამზადებ, ამ ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია, როგორც მინიმუმ მსგავსი შეფასებების გაკეთებისგან და სხვა მოთამაშის მიმართ ასეთი დითირამბების მიძღვნისგან, თავი უნდა შეიკავო. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს დავით მუჯირს გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო:
„ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო, არ ვიცი რა კონტექსტში დაუსვეს შეკითხვა, თუმცა ობიექტურადაც რომ მივუდგეთ, როგორც ფეხბურთელი და ასევე გასული სეზონის მიხედვით, პირადად ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია მაიკლ ოლისეზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ ვილიც ასე ფიქრობს და გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი მათი ურთიერთობის შესახებ, ამ თემასთან დაკავშირებით პირადად აუცილებლად დაილაპარაკებენ“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და მაიკლ ოლისეს უშუალო დაპირისპირებაში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალური ეტაპიდან გამოთიშა, თანაც ისე, რომ ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ კვარას მიუძღვოდა, ხოლო მანამდე ყველა გუნდთან გაბრწყინებული ოლისე, პარიზელებთან დაპირისპირებაში შეუმჩნეველი ფიგურა იყო.