„ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“ | დუნაისკა სტრედას მწვრთნელმა გაგუა შეაქო
გიორგი გაგუა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. სლოვაკეთის ჩემპიონატის მერვე ტურში მისი „დუნაისკა სტრედა“ „ტრენჩინს“ დაუპირისპირდა და მეტოქე სტუმრად 4:1 გაანადგურა. გაგუა საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და დუბლი შეასრულა.
გაგუას სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 9 საგოლე მოქმედება დაუგროვდა. ქართველმა ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 4 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
„ტრენჩინთან“ მატჩის შემდეგ, „დუნაისკა სტრედას“ მთავარ მწვრთნელს, რობერტ კლაუსს ქართველ ფეხბურთელზე ჰკითხეს და გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გაგუა გუნდისთვის საკვანძო მოთამაშეა.
„გაგუა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. სეზონის დაწყებამდე ვიცოდით, რომ კარგ ფორმაში იმყოფებოდა და შეეძლო, დიდი როლი ჰქონოდა. იგი ხარისხით გამოირჩევა და მოედანზე მისთვის შესაფერისი ადგილის პოვნა უმთავრესია.
გაგუას შეუძლია, თანაგუნდელები ერთმანეთთან დააკავშიროს. გუნდისთვის წებოს მსგავსი როლი აქვს — ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არის რაღაცები, რაზეც მასთან სამუშაო გვაქვს. ბედნიერი ვარ, რომ გოლებიც გააქვს. გასულ სეზონშიც კარგ ფორმაში იყო და მშვენიერი თამაშები ჰქონდა, მაგრამ ამდენი გოლი ვერ გაჰქონდა. მისი თავდაჯერებულობისთვის ძალიან კარგია, გოლები რომ გააქვს“.
ცნობისთვის, გაგუასა და ცოტნე კაპანაძის გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერია. „დუნაისკა სტრედას“ 19 ქულა აქვს და „ტრნავასა“ და „ჟილინას“ ორ-ორი ქულით, ხოლო „სლოვანს“ ექვსი ქულით უსწრებს.