„მიხარია, რომ ჩემი შანსი გამოვიყენე“ - მამაგეიშვილი ლასკ-თან გოლის შემდეგ
გუშინ, ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში გიზო მამაგეიშვილისა და ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე ავსტრიის მოქმედ ჩემპიონს, ლასკ-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
გრაცელთა სასარგებლოდ პირველი გოლი მამაგეიშვილმა გაიტანა, რომელმაც დიაკიტეს პასი იდეალურად გამოიყენა და ბრწყინვალე შესრულებით თავისი გუნდი 1:0 დააწინაურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარი Sky Sports-ის ავსტრიულ ბიუროსთან გააკეთა.
„დღეს ჩვენი თამაში იყო“, - ამბობს ქართველი ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებით ხარობს გატანილი გოლით. „მიხარია, რომ ჩემი შანსი გამოვიყენე“.
გიზი მამაგეიშვილმა ბუნდესლიგის ახალ სეზონში ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და როგორც გითხარით, პირველი გოლიც გაიტანა. ასევე, ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიის თასზეც გამოიჩინა თავი. რაც შეეხება კიტეიშვილს, 30 წლის ნახევარმცველისთვის ეს ბუნდესლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი იყო, 1 კვირის წინ კი ავსტრიის თასზე 13 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა.
6 ტურის შემდეგ „შტურმს“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, სტუმრად „ზალცბურგთან“ გამართავს.