„იმდენს დარბოდა GPS ტრეკერი ფუჭდებოდა“ | ესპანეთში ქოჩორაშვილის ხასიათი გამოარჩიეს
ნარსის პელაკი ესპანელი სპეციალისტია, რომელიც „ჟირონაში“ ასისტენტად მუშაობდა და გიორგი ქოჩორაშვილს იცნობს. პელაკმა „სევილიას“ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხასიათი ანდალუსიურ კლუბს იდეალურად ერგება.
„როდესაც მითხრეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიაში“ გადადიოდა, ვთქვი, რომ ეს ბრწყინვალე სვლა იყო, რადგან მისი ხასიათი და „სევილიასნაირი“ კლუბი მშვენიერი კომბინაციაა. „სევილიას“ განსაკუთრებული ხასიათის მქონე ფეხბურთელები სჭირდება. ზოგიერთი გუნდის მაისურის ტარება შედარებით ძნელია, გიორგის კი ამასთან გასამკლავებლად საჭირო მენტალური სიძლიერე აქვს.
„ჟირონაში“ მას ახალგაზრდული A გუნდიდან ვიცნობდი, სადაც პედრო პოროც თამაშობდა. ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. შეუპოვარი მოთამაშე იყო, მებრძოლი სული ჰქონდა და საქმისადმი თავდადებული გახლდათ. სწორედ ამიტომ, საერთოდ არ მიკვირს, რომ „სევილიაში“ გადავიდა.
იგი ძალიან ახალგაზრდა იყო და ფეხბურთელის პოტენციალთან დაკავშირებით ეჭვები ყოველთვის არსებობს, თუმცა გიორგის სრულიად განსხვავებული მენტალიტეტი ჰქონდა და მასთან მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე. ჩემთან იგი ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. რთული წელი იყო, რადგან დავქვეითდით, თუმცა გიორგის ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და დიდ პროგრესს მიაღწია. ის ბურთის დაბრუნების შესანიშნავი უნარით გამოირჩეოდა, ინტენსიურად თამაშობდა, მოედანზე ყოველთვის დიდ მანძილს ფარავდა და მაღალი კლასის ფეხბურთელი გახლდათ.
აგრესიულ სტილში თამაშობდა და საკუთარ თავში დარწმუნებული იყო — მას სჯეროდა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო. მახსოვს, ქოჩორაშვილი იმდენს დარბოდა, მისი GPS ტრეკერი (მოწყობილობა, რომელიც ფეხბურთელის მიერ გარბენილ მანძილს, მაქსიმალურ სისწრაფეს, დატვირთვას ზომავს) ფუჭდებოდა. ძალიან ბევრს დარბოდა, 13 კილომეტრამდე მაინც. ყოველთვის ვცდილობდი, გამეგო, უფრო მეტის გარბენა შეეძლო თუ არა და მუხტს ვაძლევდი, ის კი არასდროს ჩერდებოდა და მუშაობას განაგრძობდა.
„სევილიას“ სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც უკან არ იხევენ და ქოჩორაშვილი სწორედ ასეთია. ის საკუთარი გუნდის მაისურის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. ის არის მოთამაშე, რომელიც რთულ მომენტებში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, „სევილიაში“ კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილმა „ვალენსიასთან“ გამართულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა და საკუთარ გუნდს თამაში მოაგებინა.