რამაზ სვანაძე, ანდრია ბართიშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ქომაგები სტადიონზე ასეთი ფეხბურთელების სანახავად მოდიან | სვანაძე ბართიშვილზე

ევროშესარჩევში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისში ლატვიასთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ანდრია ბართიშვილის შესახებ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. 16 წლის ფეხბურთელისთვის ლატვიასთან მატჩი 21-წლამდელთა გუნდში სადებიუტო იყო.

„21-წლამდე ნაკრებში ანდრიას ადაპტაციის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. ვფიქრობ, თუ ამ ტემპით ზრდას განაგრძობს, რაც ბოლო რამდენიმე თვეში აჩვენა, კიდევ ბევრს მოუმატებს, თუმცა ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მას სამუშაო ძალიან ბევრი აქვს. გარდა იმ დიდი ნიჭისა, რაც მას ღმერთისგან ბოძებული აქვს, ძალიან ბევრი უნდა იმუშავოს ფიზიკაზე, ათლეტიზმზე და იმაზე, რომ მისი ინტენსივობა უფრო მაღალი იყოს. ლატვიასთან თამაშს რაც შეეხება, რასაც ის აკეთებდა, ჩემთვის არახალია.

ალბათ, პირველი თამაშის ფაქტორი იყო. მას ვთხოვდი, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტი აეღო, კარისკენ კიდევ მეტი დარტყმა განეხორციელებინა. როცა პირველ მოძრაობას ძალიან კარგს აკეთებდა და ბურთი შემოჰქონდა... იყო ასეთი მომენტები, მაგრამ მესმის, რომ ის ძალიან პატარაა და ეს მისი პირველი თამაში იყო.

ბართიშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც პირველ რიგში თვითონ უნდა მოუფრთხილდეს თავის თავს, იმიტომ, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. შემდეგ ჩვენც ყველა უნდა მოვუფრთხილდეთ და სწორი მიმართულებით წავიყვანოთ, თუ გვინდა, რომ მისი ნიჭი რეალიზდეს.

გულშემატკივრები სტადიონზე იმიტომ მოდიან, რომ ასეთი ფეხბურთელები ნახონ, თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. ჩვენი მთავარი საზრუნავი, ვიდრე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებამდე მივა, არის ის, რომ ფეხბურთელმა თავისი პლუსები ზუსტად იცოდეს და ზუსტად იმ პლუსებზე გააკეთოს აქცენტი თამაშის დროს. დასარტყმელი დაარტყას, გასაცემი გასცეს, ჩასაწოდებელი ჩააწოდოს. ბართიშვილზეც იმიტომ აღვნიშნე... იმიტომ ვთხოვთ მას მეტს, რომ აქვს ამის პოტენციალი. მასთან მექნება საუბარი, რომ უფრო მეტი გაბედოს, როცა შემოიტანს ბურთს. ასეთი ფეხბურთელები ძალიან გვჭირდება და მისი შეზღუდვა არ შეიძლება, თუმცა ყველა ასე ვერ იქნება და ამაზე ბევრი სამუშაო გვაქვს’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები