მარკოიშვილის პირველი მარცხი ევროლიგაში - მონაკომ საბერძნეთში წააგო
„მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაში პირველად დამარცხდა. რეგულარული გათამაშების 34-ე ტურში „თავადები“ ათენში ერგინ ატამანის მომზადებულ „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდნენ და 10-ქულიანი სხვაობით, 97:107 წააგეს. მატჩის დასაწყისში სხვაობა უფრო დიდი იყო, თუმცა შემდეგ ფრანგებმა სიტუაცია გამოასწორეს, რაც თამაშის ბედის გადასარჩენად ბოლომდე საკმარისი არ აღმოჩნდა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „პანათინაიკოსის“ კალათბურთელი კენდრიკ ნუნი გახდა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა. მარკოიშვილის შეგირდებიდან კი საუკეთესო შედეგი ორმაგი დუბლის ავტორმა ელი ოკობომ აჩვენა და 24 ქულასთან ერთად, 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ „მონაკოს“ კალათბურთელებმა სამქულიანები 39 (28-დან 11), ორქულიანები 64 (39-დან 25), ხოლო საჯარიმოები 82-პროცენტიანი (17-დან 14) სიზუსტით ისროლეს.
ცნობისათვის, მანუჩარ მარკოიშვილის ხელმძღვანელობით „მონაკომ“ „პანათინაიკოსთან“ წაგებამდე, ერთმანეთის მიყოლებით „ოლიმპიაკოსი“ (81:80), „ანადოლუ ეფესი“ (98:93) და „ოლიმპია მილანო“ (90:85) დაამარცხა.