“შემადგენლობაში ცვლილებები იქნება“ - სანიოლის და მამარდაშვილის პრესკონფერენცია
საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს სტუმრად ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინ, გიორგი მამარდაშვილმა და ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
სანიოლი:
„გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან გვაკლია. მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. როდესაც ის ჩვენთან ერთად არის, ბევრ სასარგებლო რამეს აკეთებს. მისი ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვნახოთ რა სიტუაცია იქნება ვარჯიშის შემდეგ.
წინა მატჩში განსხვავებული შემადგენლობა ვნახეთ. ხვალ მეორე თამაში გვაქვს და ჯანმრთელი ფეხბურთელები გვჭირდება. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.
როდესაც გუნდს ვაშენებდი, ბევრი პასუხისმგებლობა ავიღე. წარსულში ზურიკო დავითაშვილი ნაკრებში შესანიშნავად თამაშობდა. მისი სათამაშო დრო ცოტა შემცირებულია. საჭიროა მეტი კონკურენცია. ხვალ დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. მესმის ,რომ ის ნაკლები სათამაშო დროით იმედგაცრუებულია. რა თქმა უნდა, ის მეტს იმსახურებს. ბევრი არჩევანი მაქვს და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კარგი გამოცდილება მივიღეთ და 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავედით. წინა შესარჩევი ციკლი ამ სქემით ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აღარ გვყავს. ისრაელთან 3-მცველიან სისტემას დავუბრუნდით და დაცვამ საინტერესოდ ითამაშა. გვინდა ჩვენს გაწერილ გეგმებს მივყვეთ. სექტემბერში ძლიერი საქართველოს ნაკრები უნდა ვიხილოთ და ამისთვის ძლიერი დაცვის ხაზია საჭირო."
მამარდაშვილი:
ფეხბურთელებმა წინა მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და ყველაფრის გამოსწორებას ერთობლივად ვცდილობთ. გვინდა გუნდურად ვითამაშოთ. ეს ამხანაგური მატჩებიც სწორედ ამისთვის არის. ტაქტიკურად და მენტალურად უნდა დავიხვეწოთ. ახლა შედარებით ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიდრე ადრე. რამდენიმე ფეხბურთელმა ნაკრები დატოვა. უფრო მეტი შეთამაშება გვჭირდება და ამ თამაშებს სექტემბერში ოპტიმალური ფორმის დასაბრუნებლად გამოვიყენებთ.
როგორც ვთქვი, ჩვენ ერთობლივად ბევრს ვმუშაობთ. ცუდი დინამიკის შეცვლა გვინდა. თამაშები უნდა მოვიგოთ. ყველამ ვიცით, როგორი ფეხბურთელია კვარა. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მას წარმატებას ვუსურვებ. პსჟ-სთან რთულ თამაშს ველოდები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხვიჩას დიდ წარმატებას ვუსურვებ."
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 29 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.