იოკიჩს ვერ აჩერებენ - სერბის ზედიზედ მეოთხე სამმაგი
ნიკოლა იოკიჩი NBA-ში ფენომენალურ გამოსვლას განაგრძობს. „დენვერმა“ საკუთარ დარბაზში „იუტა“ 6-ქულიანი სხვაობით, 135:129 დაამარცხა და გამარჯვებაში მთავარი როლი ბუნებრივია „ნაგეტსის“ სერბმა ლიდერმა ითამაშა, რომელმაც სამმაგი დუბლი ზედიზედ მეოთხე მატჩში შეასრულა, რაც აქამდე ისტორიაში არც ერთ კალათბურთელს არ გაუკეთებია.
„ჯაზთან“ „დენვერის“ 30 წლის სერბმა ლეგიონერმა პარკეტზე გატარებულ 39 წუთში 33 ქულა, 15 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. იოკიჩმა ორიდან ორი სამქულიანი, თოთხმეტიდან თერთმეტი ორქულიანი და რვიდან ხუთი საჯარიმო გამოიყენა. თხუთმეტი მოხსნიდან თერთმეტი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი შვიდჯერ დაკარგა და პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა იოკიჩმა „იუტასთან“ მატჩამდე სამმაგი დუბლი „დალასთან“ (23 ქულა, 21 მოხსნა, 19 პასი), „ფინიქსთან“ (23 ქულა, 17 მოხსნა, 17 პასი) და „პორტლენდთან“ (22 ქულა, 14 მოხსნა, 14 პასი) შეხვედრებში შეასრულა.