დაპირისპირება სობოსლაის გამო - როსიმ სლოტს უპასუხა
უნგრეთის ფეხბურთელთა ნაკრები მარტში სხვა გუნდების მსგავსად, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. დღეს მადიარების მეტოქე სლოვენიის ეროვნული ნაკრები იქნება, ხოლო 31 მარტს ბერძნებთან მოსინჯავენ ძალებს. უნგრელების კაპიტანი, ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი „ლივერპულის“ ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაია და სწორედ ამ უკანასკნელის გამო, მერსისაიდული კლუბის დამრიგებელსა და უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს შორის სერიოზული სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
არნე სლოტი
ფეხბურთელებს დასვენება და ძალების აღდგენა მწვრთნელებზე მეტად სჭირდება. თუმცა, სამწუხაროდ, მათ შეუსვენებლად უწევთ ასპარეზობა. იმედია ამ სანაკრებო ფანჯრის დროს, იმ ქვეყნების ეროვნული გუნდის დამრიგებლები, სადაც მოთამაშეები გვყავს გაშვებული, გაითვალისწინებენ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს „ლივერპულშიც“ ხშირად უწევთ თამაში და მათი ნაკლებად დატვირთვა არის საჭირო.
მარკო როსი
პირადად მე სლოტთან არასოდეს მისაუბრია და არასოდეს მიცდია მის რომელიმე გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა. არნეს საქმეში მაშინაც არ ჩავრეულვარ, როდესაც სობოსლაის ფლანგის მცველად ათამაშებდა. ასე რომ, ნიდერლანდელისგანაც იგივე, ნეიტრალურ დამოკიდებულებას ველი. თუ დომინიკი მეტყვის, რომ დასვენება სჭირდება, ის აუცილებლად დაისვენებს, თუმცა ის კაპიტანია და მისთვის პრიორიტეტული უნგრეთის ნაკრებში რაც შეიძლება ხშირად თამაშია. ასე რომ, თუ სობოსლაის ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა, ეს მხოლოდ და მხოლოდ სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება ნამოქმედარი.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან ერთად, უნგრეთი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე იქნება.