პორტუგალიამ გერმანია დაამარცხა და ერთა ლიგის ფინალშია
ერთა ლიგის A დივიზიონის პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „ალიანს არენაზე“ გერმანიამ პორტუგალიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში 48-ე წუთზე ფლორიან ვირცმა გახსნა, რომელმაც იოზუა კიმიხის ჭკვიანური გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა.
ამის შემდეგ, მატჩზე სრული კონტროლი რობერტო მარტინესის გუნდმა დაამყარა და გერმანელებს ბურთთან მიახლოების საშუალებასაც აღარ აძლევდნენ.
63-ე წუთზე ფრანცისკო კონსეისაუმ ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 68-ე წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 137-ე სანაკრებო (ჯამში 937-ე გოლი) გოლი გაიტანა.
ბოლო 15-20 წუთიც პორტუგალიელების იყო და რომ არა ტერ შტეგენი, გერმანია უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა.
ამრიგად, პორტუგალია ფინალშია და მეტოქეს ელის, რომელიც დღეს გაირკვევა. ასევე „ალიანს არენაზე“ ერთმანეთს საფრანგეთი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. მატჩი 23:00-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი 8 ივნისს გაიმართება.