გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„გამოწვევები ელოდება“ | რას წერს The Athletic-ი ლივერპულსა და მამარდაშვილზე

კაოიმჰინ კელეჰერმა „ლივერპული“ ოფიციალურად დატოვა და კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს. ირლანდიელი მეკარის გადაწყვეტილებას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Athletic-ი გამოეხმაურა და „ენფილდზე“ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. The Athletic-მა აქცენტი გიორგი მამარდაშვილზე გააკეთა, რომელიც მომდევნო სეზონში, არნე სლოტის გუნდის ღირსებას დაიცავს.

„იშვიათია, როდესაც სათადარიგო მეკარის წასვლას ასეთი ემოციები მოჰყვება, მაგრამ კელეჰერი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ლივერპულის უბრალო ფეხბურთელი და გუშინ, როდესაც მისი ტრანსფერი გამოაცხადეს, სევდა და სიხარული თანაბარი დოზით იყო. მერსისაიდელებმა მის სანაცვლოდ 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს, რაც მეკარისთვის, ვისი კონტრაქტის ამოწურვამდეც ერთი სეზონი იყო დარჩენილი, მშვენიერი თანხაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი შეიძინა.

აშკარაა, რომ ვალენსიადან ნაყიდ მამარდაშვილს იგივე გამოწვევები ელოდება, რომლებსაც კელეჰერი უმკლავდებოდა. ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც, რადგან ამ მომენტისთვის, არნე სლოტის გუნდის ნომერი პირველი მეკარე კვლავინდებურად ალისონია. გიორგის მიზანია, მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი გახდეს და ურჩევნია, ითამაშოს, ვიდრე სათადარიგოთა სკამზე იჯდეს. ის ლივერპულისგან სიახლეებს ელოდება, რათა გაიგოს, მომდევნო სეზონში გუნდში რა სიტუაცია იქნება.

ძალიან საეჭვოა, მერსისაიდელებმა ის კიდევ ერთხელ გაანათხოვრონ და დიდი ალბათობით, 24 წლის მეკარეს მოუწევს, შანსს დაელოდოს და ადგილი დაიმკვიდროს. გიორგი ინგლისურს სწავლობს და ლივერპულში ცხოვრებისთვის ემზადება. ის დარწმუნებულია, რომ ივლისში, როდესაც წინასასეზონო ვარჯიშები დაიწყება, მთავარ გუნდთან ერთად იქნება.

ლივერპულის მეკარეთა დეპარტამენტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მისი დაშლა სარისკო გადაწყვეტილებაა, მაგრამ მომდევნო სეზონში, ალისონის მთავარი კონკურენტი მამარდაშვილი იქნება. წითლებს მისი სჯერათ და თვლიან, რომ მას აქვს უნარები, რომლებიც საშუალებას მისცემს, ლივერპულის მომავლის მეკარე გახდეს და ბრაზილიელი ღირსეულად ჩაანაცვლოს. გარდა ამისა, ალისონი ტრავმებს იღებს ხოლმე და 2024/25 წლების სეზონისგან განსხვავებით, როდესაც ლივერპულში კიდევ ორი მეკარე, იაროში და კელეჰერი ირიცხებოდნენ, ბრაზილიელის ტრავმის შემთხვევაში, მამარდაშვილს მარტოს მოუწევს, წნეხთან გამკლავება. გიორგი გამოცდილი და მაღალი კლასის მეკარეა, მაგრამ პრემიერ ლიგის დონე მისთვის უცხოა.

მართალია, 2024/25 წლების სეზონში, საკლუბო დონეზე, მამარდაშვილი ისეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ სერიოზული პრობლემების მქონე ვალენსიაში ასპარეზობდა. ღამურები გავარდნასთან ახლოს იყვნენ და საბოლოოდ, მე-12 ადგილი დაიკავეს. ლივერპული პრემიერ ლიგის ჩემპიონია, რომლის კარისკენაც გაცილებით ცოტას ურტყამენ და რომელიც ბურთს უფრო მეტად აკონტროლებს, ეს კი გიორგის თამაშზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომაა, რომ კლუბის მომავლის ნაწილად მოიაზრებენ“, - წერს The Athletic-ი.

ცნობისთვის, ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონში, მამარდაშვილმა მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა და 48 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგი შეხება პენალტის დროს | წესი ოფიციალურად შეიცვალა
ორმაგი შეხება პენალტის დროს | წესი ოფიციალურად შეიცვალა