ცარუკიანი: „ტექნიკური თვალსაზრისით ისლამი ხაბიბზე მაღლა დგას“
რუსეთსა და დაღესტანში იმის შესახებ, თუ რომელი უფრო სრულყოფილი და ძლიერი მებრძოლია, ხაბიბ ნურმაგომედოვი თუ ისლამ მახაჩევი, არავინ საუბრობს. მიზეზი მარტივია, ისინი ერთი გუნდის წევრები არიან და ამის შესახებ პოლემიკაში თავადაც არასოდეს შევლენ, მაგრამ შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ეს საკითხი ყველასთვის საინტერესოა. სწორედ მსგავსი კითხვით მიმართეს მახაჩევის ახლა უკვე ყოფილ ოპონენტს არმან ცარუკიანს და სომეხი სპორტსმენისგან საკმაოდ საინტერესო პასუხი მიიღეს.
რას ამბობს ცარუკიანი
მოდით შევთანხმდეთ - ისლამს გვერდით ხაბიბი რომ არ ჰყავდეს, ის მწვერვალზე ვერ ავიდოდა და ის არ იქნებოდა, რასაც ახლა წარმოადგენს. ხაბიბმა კი შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი პერსონა თავად შექმნა. რა თქმა უნდა, მამამისი ძალიან ეხმარებოდა, მაგრამ მედიასა და გულშემატკივრებში საკუთარი თავი თავად გაარეკლამა. ურთულესი პერიოდიც გაიარა ნურმაგომედოვმა, როდესაც ტრავმები აწუხებდა, სატიტულო ბრძოლას არ აძლევდნენ და მიუხედავად ამისა, დანიშნულების ადგილამდე მივიდა.
ისლამის მხარეს კი ხაბიბი რადგანაც იყო, მას ბობი გრინის დამარცხებისთანავე სატიტულო ჩხუბი მისცეს. დიახ, მახაჩევი ძალიან ძლიერია და მასთან ჩხუბი არავის სურდა, მაგრამ ნურმაგომედოვმა კარგი ბიძგი მისცა და დაეხმარა იმაში, რომ ყველაფერი ის არ გაევლო, რისი გავლაც თავად მოუწია.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ტექნიკური კუთხით ისლამი სულ სხვა კლასისაა - ის თანამედროვე, სრულყოფილი მებრძოლია. ხაბიბის პლუსები იყო ბრძოლა, პარტერში კონტროლი, გამძლეობა, მაგრამ მახაჩევი ამ მხრივ საერთოდ სხვა პლანეტაზეა. ასე რომ, თუ ათბალიანი შეფასებით ნურმაგომედოვს ვინმე ცხრიანს დაუწერს, მე ისლამს ათიანით შევაფასებდი.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაუმარცხებლად დაასრულა, 29 ბრძოლიდან 19-ჯერ მეტოქე დააფინიშა და მსუბუქ წონით დივიზიონში ქამარი სამჯერ დაიცვა. ამავე დივიზიონში ისლამ მახაჩევმა ტიტული ოთხჯერ დაიცვა, 27 ბრძოლიდან 26 მოიგო, ერთხელ დამარცხდა და ოცდაშვიდი მოგებიდან 18 ნაადრევი გამარჯვებით დაასრულა.