ყველაფერი რიგზე არ არის - საფრანგეთის ნაკრების გასახდელში უკმაყოფილებაა
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე დამაჯერებლად ასპარეზობს და უკვე მეოთხედფინალშია გასული, ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნაკრების შიგნით ყველაფერი იდეალურად არ არის.
Get French Football News-ის ცნობით, უორენ ზაირ-ემერი სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა ტურნირზე სათამაშო დროის არქონით.
20 წლის ნახევარმცველი, რომელმაც გასულ სეზონში შესანიშნავად ითამაშა პსჟ-ის შემადგენლობაში, ელოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, თუმცა ხუთ ჩატარებულ მატჩში მოედანზე ერთი წუთითაც არ გამოჩენილა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაირ-ემერი შექმნილი სიტუაციით იმედგაცრუებულია და ვერ ხვდება, რატომ არ ეძლევა შანსი ასეთი წარმატებული საკლუბო სეზონის შემდეგ.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა 2025/26 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ გუნდში, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა ის არაერთ პოზიციაზე თამაშობდა, მათ შორის მარჯვენა მცველადაც, და გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი იყო.
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კი ნახევარდაცვაში ძირითადად მანუ კონესა და რაბიოს ანდო ადგილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩუამენი ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა.
მიუხედავად ჩუამენის არყოფნისა, ზაირ-ემერის შანსი არც პარაგვაისთან შეხვედრაში მიეცა, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ უფრო გააძლიერა მისი იმედგაცრუება და დააფიქრა, თუ რა ადგილი აქვს ნაკრების იერარქიაში.
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება, თუმცა მედიის ცნობით, ზაირ-ემერის სათამაშო დროის საკითხი ნაკრებში ერთ-ერთ მთავარ განხილვის თემად რჩება.